ახალი ამბები

აშშ არ აღიარებს აფხაზეთის ‘ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას’

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს 24 აგვისტოს სეპარატისტულ აფხაზეთში ჩატარებული „ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას“ და „არ ცნობს მის შედეგებს“.

„აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ჩვენ ვრჩებით მკაფიო პოზიციაზე: ესენი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჯენ ფსაკიმ 25 აგვისტოს, „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ყველა მისი ვალდებულება, მათ შორის გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, უკან წაიღოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშვება ამ რეგიონებში“.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ, რათა მიღწეულ იქნას კონკრეტული პროგრესი უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ საკითხებზე, რაც კვლავაც აწუხებთ ადგილობრივ მაცხოვრებლებს საქართველოში“, – განაცხადა მან.

მსგავსი/Related

Back to top button