ახალი ამბები

სააკაშვილი: ‘ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ’

ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს თავისი Facebook-ის გვერდზე მისთვის ბრალის წარდგენას გამოეხმაურა და მას „წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება“ უწოდა.

„მას შემდეგ რაც ვერ იპოვეს ჩემს მიერ მითვისებული მილიარდები, ვინაიდან არცერთი თეთრი არასდროს არ მიმითვისებია, პირიქით საქართველოს ბიუჯეტი თერთმეტჯერ გავზარდეთ; ვერ დამიმტკიცეს ვერცერთი კონკრეტული დანაშაული, იმიტომ რომ დანაშაული არ ჩამიდენია და პირიქით დანაშაული თითქმის ნოლამდე დავიყვანეთ; ბოლოს წამომიყენეს წმინდა სახის პოლიტიკური ბრალდება“, – განაცხადა ექს–პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

„ერთი რუსი ოლიგარქი ბრალად მიყენებს მეორე რუსი ოლიგარქის მიერ მოწყობილ არეულობების და გადატრიალების მცდელობის ჩაშლას და ეს ხდება 2008 წლის ომის წლისთავის წინ,“ – განაცხადა მან.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 28 ივლისს, რომ მან გამოიტანა დადგენილება  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურატურის განცხადებით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას და ტელეკომპანია იმედში შეჭრას და მის „ხელში ჩაგდებას“. 

„მას შემდეგ რაც რუსეთმა ომით ვერ შეძლო თბილისის აღება და ჩემი მთავრობის დამხობა, პუტინი და მედვედევი საჯაროდ თავს იწყნარებდნენ იმით, რომ მოვა დრო და თავად საქართველო გაასამართლებს სააკაშვილს. მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ხშირად გვიწყობდა არეულობებს მათ შორის პოლიტიკოსების ხელით, ჩვენ არცერთი პოლიტიკოსი ციხეში არ ჩაგვისვავს იმიტომ რომ ჩემთვის ეროვნული თანხმობა იყო უზენაესი ღირებულება და ამ ღირებულებების შესანარჩუნებლად 2007 წელს მე გადავდექი, ხოლო 2012 წელს სრულიად მშვიდობიანად გადავეცით ძალაუფლება იმ ადამიანებს რომელთაც სრულიად საპირისპიროთი გვიპასუხეს“, – აცხადებს ექს–პრეზიდენტი.

„დღეს მთელი დღე რუსეთში ზეიმი აქვთ გამოცხადებული და ივანიშვილის ამ მითითების შესრულებას ალბათ სათანადოდ დაუფასებენ, ოღონდ მინდა ვთქვა რომ ორივეს, პუტინის და მისი ხელდასხმული გაზპრომის ყველაზე მსხვილი კერძო აქციონერის, ივანიშვილის სიხარულს დიდი დრო არ უწერია, მსოფლიო პროცესები ისე მიდის, რომ პუტინის საცეცები სუსტდება, ამ ოლიგარქსაც მალე მოვიშორებთ, სულ მალე საქართველო აუცილებლად გასწორდება ბოლომდე წელში და ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს“, – აცხადებს სააკაშვილი. 

დღესვე სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლების მთავარ ამოცანას „ერთადერთი ოპოზიციური ძალის დევნა" წარმოადგენს.

„ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღეებიდანვე ბიძინა ივანიშვილი არ მალავდა თავის უპირველეს და უმთავრესს ამოცანას – ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორული მემკვიდრეობის განადგურება და ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განადგურება. ეს პოლიტიკური მიზანი გაცხადებულია და სწორედ ამ პოლიტიკური მიზნის აღსრულებისთვის ფიქრობენ ისინი, რომ საჭირო და აუცილებელია, რომ ბრალი ქონდეს წაყენებული მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, დღევანდელი განცხადება არის „ღია დეკლარაცია ივანიშვილის და მისი პოლიტიკური მონების გუნდის,  მისი ჯიბის პროკურატურის მხრიდან, იმის, რომ სანამ ისინი არიან ხელისუფლებაში, სანამ ივანიშვილი აკონტროლებს საქართველოს მთავრობას ერთადერთი რის გაკეთებასაც აპირებენ, ერთადერთი რითაც დაკავდებიან არის სააკაშვილი და ზოგადად პოლიტიკური ოპონენტების ნაციონალური მოძრაობის, მთავარი ერთადერთი ოპოზიციური ძალის დევნა“.

„ეს ხდება იმიტომ, რომ სხვა არაფრის კეთება ამათ არ შეუძლიათ. ეს ხდება იმიტომ, რომ ყველა სხვა მიმართულებით არიან ჩავარდნილები. ვერც ერთი საარჩევნო დაპირება ვერ შეასრულეს, უმუშევრობა და კრიმინალი იზრდება. ეს ხდება იმიტომ, რომ ბოლო არჩევნებმა აჩვენა, რომ ნაციონალურმა მოძრაობა ვერ გაანადგურეს, ეს ხდება როგორც ჩანს იმიტომ, რომ პუტინთან ურთიერთობის დალაგების ნაწილი არის სააკაშვილის დევნა და მე მინდა უთხრა ივანიშვილს და მისი მონების გუნდს, ამ მეთოდებით ავტორიტარულ რეჟიმს ვერ შეინარჩუნებენ და ქართული საზოგადოება აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას კონსტიტუციური მეთოდებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ “ხელისუფლება ჩქარობს და ამ სიჩქარეს აქვს ერთადერთი გამართლება, ხელისუფლება ჩქარობს იმიტომ, რომ მას ეშინია ნაციონალური მოძრაობის როგორც მთავარი ოპოზიციური ძალის“.

„ეს შიში კიდევ ერთხელ დაადასტურა და გააღრმავა ადგილობრივმა არჩევნებმა, როდესაც ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ, პრაქტიკულად ყოველმა მესამე ამომრჩეველმა ამ ქვეყნანაში მხარი დაუჭირა ნაციონალურ მოძრაობას და ამითი გამოხატა საკუთარი უკმაყოფილება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მიმართ“, – განაცხადა მან.

მსგავსი/Related

Back to top button