ახალი ამბები

ივანიშვილი: ‘აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზად ვართ’

  • ‘საქართველომ უნდა მოიკრიბოს ძალა და შეძლოს პატიება’; 
  • ‘ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც’; 
  • ‘დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენსკენ’; 
  • ‘გაუგებარი და აუხსნელია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა’; 
  • ‘მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანამიმდევრულად მივსდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას’; 
  • ‘ნატოს და ევროკავშირს საქართველოსთვის ალტერნატივა არ აქვს’.

პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი გორში სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს. ფოტოზე ასევე ჩანან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაური ირაკლი ძნელაძე (მარცხნივ) და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია (მარჯვნივ), 8 აგვისტო, 2013. მთავრობის პრესსამსახურის ფოტო

თბილისი მზად არის აფხაზ და ოს „ძმებთან“ პირდაპირი დიალოგისთვის და საქართველოს უნდა ეყოს ძალა, რომ აპატიოს და ასევე აღიაროს საკუთარი შეცდომები, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან აგვისტოს ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე.   

პრემიერ–მინისტრი სიტყვით გამოვიდა იმ 760 სამხედრო მოსამსახურის წინაშე, რომელთაც გორის ცენტრში ფიცი დადეს.

თავის გამოსვლაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა, ივანიშვილმა განაცხადა: „შეიარაღებული ძალების განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის“.

„ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ყოველთვის მზად ხართ თავი გაწიროთ სამშობლოსთვის. არა მარტო აქ, არამედ უცხო მიწაზეც, საქართველოდან შორს, ჩვენი ჯარისკაცები, საერთაშორისო  სამშვიდობო ძალებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლის ფასად საერთაშორისო უსაფრთოებას და მშვიდობას იცავენ“, – განაცხადა მან და შემდეგ მთავრობის გეგმაც ახსენა, რომლის ფარგლებშიც დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს ყოველთვიური კომპენსაციები გაეზრდებათ.
 
„დღევანდელი ფიცის დადება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ–ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღეს ხდება“, – განაცხადა ივანიშვილმა, „ნგრევა და მსხვერპლი – ასეულობით დაღუპული ადამიანი, ახალი ოკუპირებული ტერიტორიები, საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეული ათიათასობით ჩვენი თანამემამულე – აი, ეს არის ის უმძიმესი შედეგი, რომელიც 8 აგვისტოს ომმა მოგვიტანა“.

„სამარადისო ხსოვნა ომში დაღუპულ ადამიანებს, იქნება ეს ქართველი თუ ოსი ჩვენი თანამოქალაქე“, – განაცხადა მან.

„მე მჯერა, რომ საქართველოს ისტორიის ამ ტრაგიკული დღეებიდან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ და სწორად გათვლილ სამომავლო გეგმებს დავსახავთ. მწამს, რომ თანამიმდევრული სტრატეგიით ჩვენ შევძლებთ ქართველებსა და ოსებს, ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის სრულფასოვნად აღდგენას“.

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა მოიკრიბოს ძალა და „აპატიოს“.

„მაგრამ ეს არ არის საკმარისი“, – განაგრძო ივანიშვილმა, „ჩვენ უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ ჩვენი საკუთარი შეცდომებიც. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია“.

„ჩვენ მზად ვართ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის, დარწმუნებული ვარ, ჩვენ გამოვნახავთ საერთო ენას ერთიანი სამომავლო ურთიერთობისთვის“, – განაცხადა მან, „საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ეკონომიკური წინსვლა შემოაბრუნებს აფხაზებსა და ოსებს ჩვენსკენ და საბოლოოდ დაარწმუნებს მათ, რომ საქართველოა მათი სამშობლო“.

მან განაცხადა, რომ ხუთი წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ „შეიარაღებული აგრესია“ განახორციელა და მის მიერ „ოკუპირებული ტერიტორიების“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადება იყო „უდიდესი დარტყმა საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე“.

„მოვლენების ამგვარად განვითარებაში, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს,  რაც 2009 წელს ევროკავშირმა თავისი დასკვნით დაადასტურა“, – განაცხადა ივანიშვილმა, რომელსაც მხედველობაში ტალიავინის კომისიის დასკვნა ჰქონდა.

პრემიერ–მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ „ტრაგიკული გამოცდილებიდან“ მკაფიო დასკვნების გაკეთებასთან ერთად, საქართველომ მომავალზეც უნდა იფიქროს.

„ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვიწევს რუსეთთან ურთიერთობის ფორმების ძიება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „გასული წლის ბოლოს დავიწყეთ პირდაპირი დიალოგი“ მისი სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მეშვეობით.

„საწყის ეტაპზე კონკრეტული პრაგმატული საკითხების გადაწყვეტა დავისახეთ მიზნად. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოგვიწევს კიდევ უფრო რთული პრობლემების მოგვარება. ჩვენს ხალხებს შორის კეთილი დამოკიდებულება გვაძლევს იმედს, რომ ეს პროცესი პოზიტიურად განვითარდება“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა „დადებითად შეაფასეს რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი, როგორც დაძაბულობის შემცირებისაკენ მიმართული კონსტრუქციული ნაბიჯი“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ „ამ ფონზე როგორც ჩვენთვის, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაუგებარი და აუხსნელია ჩვენი ქვეყნის სიღრმეში მავთულხლართების გადმოწევა“.

მისი თქმით, ეს არ არის ადეკვატური პასუხი იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მიმართულებით.

„და მაინც,  მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და კვლავ თანამიმდევრულად მივსდევთ ჩვენ მიერ დასახულ პრაგმატულ პოლიტიკას“, – განაცხადა მან.

შემდეგ ივანიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი „დღის წესრიგში მას შემდეგ შეიძლება დადგეს, როდესაც სერიოზულ წინსვლას მივაღწევთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების გზაზე“.

„კარგად გვესმის, ამ პრობლემებს ერთი ხელის მოსმით ვერ გადავწყვეტთ. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ქმედით მხარდაჭერას გაგვიწევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველოს თითოეული ნაბიჯი „ისე უნდა იყოს გათვლილი, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენი დახმარება გაუადვილდეთ“.

მან კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს „სტრატეგიული არჩევანია, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“.

„დარწმუნებული ვარ, ამ მიზნამდე აუცილებლად მივალთ, ჩვენი ქვეყანა გაუმკლავდება სირთულეებს, ჩვენ მივაღწევთ საქართველოს დეოკუპაციას, აღვადგენთ ურთიერთობებს ჩვენს ძმებთან – აფხაზებთან და ოსებთან და ისეთ ქვეყანას შევქმნით, რომელიც საამაყო იქნება ყველასთვის“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button