ახალი ამბები

ქართველი და რუსი დიპლომატები სავაჭრო მოლაპარაკებებში ‘წინსვლას’ აღნიშნავენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 22 აპრილს სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, რათა ორმხრივი ურთიერთობების რიგ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაეცვალა, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„სავაჭრო სფეროში აღინიშნა წინსვლა დიალოგში „როსპოტრებნადზორის“ და „როსსელხოზნადზორის“ ხაზით ქართული ღვინოების, მინერალური წყლების და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დასაშვებად რუსულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ ორშაბათს თავის პრეს-რელიზში.

„მხარეები მიესალმნენ ჰუმანიტარული კავშირების გააქტიურებას. გამოითქვა კმაყოფილება მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ერთობლივ საზღვარზე გამშვები პუნქტის „ზემო ლარსი“- „ყაზბეგის“ 24-საათიან მუშაობაზე ამა წლის 1 ივნისიდან 30  სექტემბრამდე პერიოდში“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

კარასინი და აბაშიძე მორიგ შეხვედრას, რომელიც ამ ტიპის რიგით მესამე შეხვედრა იქნება, ივნისის დასაწყისში გეგმავენ, რუსეთის საგარეო უწყების თანახმად. ბოლოს ორი ქვეყნის დიპლომატები ერთმანეთს პრაღაში 1 მარტს შეხვდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Back to top button