
სააკაშვილი ‘ახალი მენტალიტეტის მქონე ახალი თაობისთვის’ ხელისუფლების გადაცემის შესახებ
საქართველოში ყველა ხელისუფლება და „ხელისუფლების შიგნით ყველა ადამიანი ჩანაცვლებადია“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მარტს და დასძინა, რომ „საერთოდ, ადამიანებს ყველა სახე რაღაც პერიოდის შემდეგ ბეზრდება“.
“ყველა პოლიტიკოსის ჩანაცვლება ხდება, ყველა პოლიტიკური პარტიის თანდათან ჩანაცვლება ხდება, ეს ასე ხდება, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური კლასის ჩანაცვლება განხორციელდეს საქართველოში ისე, რომ შემდეგი გადაცემა, შემდეგი ალტერნატივა იყოს არა ძველი კორუმპირებული, ჩაშმორებული, მუმიფიცირებული მენტალიტეტის მატარებელი და სხვათა შორის სხვადასხვა ასაკის შეიძლება იყვნენ ეს ელემენტები, არამედ ახალი თაობა, რომელიც არის მთლიანად ახალი თამაშის წესებზე აგებული, რომლისთვისაც სისუფთავე პოლიტიკაში არის ჩვეულებრივი რაღაცა“, – განუცხადა მან თავის რეზიდენციაში მიწვეულ სტუდენტებს სატელევიზიო შეხვედრაზე.
მისი თქმით, „შემდეგი ეტაპი არის“, რომ „როცა მოხდება ეს გადაცემა“, ხელისუფლება „უნდა გადავცეთ ისეთ თაობას, რომლიდანაც უკან დაბრუნება უკვე აღარ არსებობს“.
“ამიტომ არის დღეს დიდი ბრძოლა, ერთის მხრივ, ახალი თაობის ჩქარა მოყვანისთვის, ახალი მენტალიტეტის ჩქარა დამკვიდრებისთვის და მეორეს მხრივ, კიდევ უფრო, შეიძლება ნაკლებად უკვე საშიში, მაგრამ კიდევ უფრო გააფთრებული ბრძოლა ძველი მენტალიტეტის გადამუშავებული ნაწილისთვის, რეპაკეტირებული ნაწილისთვის, რომ იქნება როგორმე მოვიდეთ უკან“, – განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დეკემბერში მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველოში გამოჩნდებიან ახალი, "წარსულით არადისკრედიტირებული" ოპოზიციური პარტიები.