ახალი ამბები

საავადმყოფოში მყოფი ჯიოევას მდგომარეობა ‘გაუმჯობესდა’

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა, იტყობინებოდნენ პარასკევს საღამოს რუსული და ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები ჯიოევას ძმის სიტყვებზე დაყრდნობით.

“მისი მდგომარეობა სტაბილურია და მას საუბარი შეუძლია; ის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას იღებს“, – განუცხადა კონსტანტინ ჯიოევმა ჟურნალისტებს ცხინვალში.

ადგილობრივი ექიმები ჯიოევას ვლადიკავკაზში გადაყვანის შესაძლებლობას განიხილავდნენ შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, თუმცა ამაზე ჯიოევას ნათესავები არ დათანხმდნენ.

ჯიოევა, რომლის გამარჯვებაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ბათილად გამოცხადდა, საკუთარი ინაუგურაციის გამართვას 10 თებერვალს გეგმავდა. თუმცა ერთი დღით ადრე მის შტაბში სამართალდამცავები შეიჭრნენ მისი მოწმედ დასაკითხად წაყვანის მოტივით, რამაც ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შერყევა და მისი ჰოსპიტალიზაცია გამოიწვია.

მოვლენათა ასეთი განვითარება, თბილისში ზოგიერთი მიმოხილველის ვარაუდით, ჯიოევას აქტიური პოლიტიკიდან ჩამოშორებას გამოიწვევს. რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რომელიც ხშირად აკეთებს კომენტარს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში, ჯიოევას გადაწყვეტილებამ ინაუგურაციის დანიშვნის თაობაზე აიძულა ზოგიერთი მისი მოკავშირე, მათ შორის ანატოლი ბარანკევიჩი და ჯამბოლატ თედეევი, მისგან დისტანცირება მოეხდინა. ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ამით ჯიოევამ იგრძნო, რომ კარგავდა დასაყრდენს, მათ შორის მის მხარდამჭერებს შორის ცხინვალში.

ამასთან, სეპარატისტული რეგიონის ცესკოში გრძელდება პრეზიდენტობის კანდიდატების განაცხადების მიღება, რომელთაც მონაწილეობა სურთ 25 მარტს დაგეგმილ არჩევნებში. კანდიდატებს შორის არის დიმიტრი მედოევი, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ელჩი მოსკოვში.

Back to top button