
სოხუმი ‘საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო პუნქტების გახსნაზე’ ფიქრობს
სეპარატისტული აფხაზეთის საბაჟო სამსახურმა მოამზადა გეგმა „საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო პუნქტების აღსადგენად“, იტყობინება „აფსნიპრესი“ 3 თებერვალს.
ამავე ინფორმაციით, სეპარატისტული რეგიონის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებმა საქართველოსთან საზღვრის გასწვრივ არსებული მთელი ტერიტორია შეამოწმეს და საბაჟო პუნქტებისთვის შესაძლო ადგილები განსაზღვრეს. გეგმა აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს წარუდგინეს და მისი მოწონების შემთხვევაში საბაჟო სამსახური მზად იქნება ახალი საბაჟო პუნქტები აამუშავოს, იტყობინება „აფსნიპრესი“.
აფხაზეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა საიდ ტარკილმა განაცხადა, რომ გალის რაიონში არსებული სიტუაცია „რთულია“.
„კონტრაბანდული საქონელი კვლავ შემოედინება საქართველოდან აფხაზეთში“, – იტყობინება „აფსნიპრესი“ ტარკილის სიტყვებზე დაყრდნობით.
დეკემბრის დასაწყისში აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ სოხუმმა „საქართველოსთან ვაჭრობის ლეგალიზება უნდა მოახდინოს“.
მისი თქმით, იგი მდინარე ენგურის გასწვრივ ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების მომხრეა.
„საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ უამრავი ხილი და ბოსტნეულია მაღაზიებსა და ბაზრებში [აფხაზეთში], რომელიც არალეგალურადაა შემოტანილი ქართულ–აფხაზური საზღვრის გავლით; თუმცა, სახელმწიფოს არანაირი შემოსავალი არ აქვს ამ სავაჭრო ბრუნვიდან“, – განაცხადა ანქვაბმა.