ახალი ამბები

სააკაშვილი რუსეთში არსებული ‘უსამართლო სისტემის’ დასრულებას პროგნოზირებს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოსტსაარჩევნოდ რუსეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს „დიდი პროცესის დასაწყისია“, რაც ბოლოს მოუღებს „უსამართლო სისტემას, რომელიც იქ არსებობს“.

იმავდროულად, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელდა საქართველოს პრეზიდენტის შემდეგი წერილობით განცხადება: "ჩვენ გამოვხატავთ სიმპათიას რუსი ხალხის მიმართ, რომელიც დღეს იგივე უსამართლობას ებრძვის, რომლის მსხვერპლიც არის არა მარტო რუსეთის საზოგადოება, არამედ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. XXI საუკუნეში აღარ არის ადგილი იმ რეჟიმებისთვის, რომლებიც ცდილობს ფეხქვეშ გათელოს საკუთარი ხალხისა და მეზობელი სახელმწიფოების თავისუფალი არჩევანი".

“აი, თქვენ ნახეთ რა ხდება, მაგალითად, ჩვენი ჩრდილოეთით. ის, რაც ხდება იქ, რუსეთში, ეს არის მხოლოდ დიდი პროცესის დასაწყისი, რომელიც დასასრულს დაუსვამს უსამართლობას, უსამართლო სისტემას, რომელიც იქ არსებობს“, – განუცხადა სააკაშვილმა 10 დეკემბერს ჟურნალისტებს.

„ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ დიდი მრავალთვიანი, ალბათ, აგონიის, რომელიც ამ უსამართლობას ექნება“, – განაგრძო მან, „მე უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს, საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი კურსი, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება არც მუქარებს, არც შანტაჟს, არც მეხუთე კოლონის პუტინიზმის აღტკინების რაღაც სინდრომს“.

შემდეგ მან კონკრეტული ადამიანების დასახელების გარეშე განაცხადა: „მათ ვისაც უნდათ, რომ აღტაცდნენ პუტინით და საქართველოს მომავალს ხედავენ პუტინთან ურთიერთობაში, მე ვფიქრობ, მათთვის ნიშანდობლივი იქნება და საინტერესო იქნება შემდეგი თვეები რუსეთში“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „სამეზობლოში, რუსეთში, ევროპაში“ არის „კრიზისი“, საქართველოს „ყველა არაოკუპირებულ ადგილზე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული აღმშენებლობა“. 

"ჩვენ შეიძლება იდეალურ ფორმაში არ ვიყოთ, მაგრამ საქართველოში ყველგან რაღაცა კეთდება… ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ შევაჩეროთ, რაც არ უნდა ხდებოდეს", – განაცხად მან.  

სააკაშვილმა ეს განცხადებები ჟურნალისტებთან გურჯაანში გააკეთა, სადაც ახალი საავადმყოფოების გახსნის კამპანიის ფარგლებში მორიგი სამედიცინო ცენტრი გახსნა. პრეზიდენტმა მისი ამ კამპანიაში მონაწილეობა, რაზეც, „ხშირად ამბობენ მე რატომ ვხსნი“, ორი მიზეზით ახსნა: ერთი ის, რომ რეგიონებში ხალხთან შეხვედრებს აწყობს და მეორეც, ის, როგორც ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის „ინიციატორი, პასუხს ვაგებ მათ დროულად გახსნაზე და შემდეგ იმაზე, რომ ხალხს ხელი მიუწვდებოდეს“.  

 

Back to top button