
გილაური სახელმწიფო კომპანიების აქციათა ბირჟებზე განთავსებით ‘ასობით მილიონს’ ელის
საქართველო „დამატებით ასობით მილიონობით დოლარის ინვესტიციას“ მიიღებს საერთაშორისო ბირჟებზე სტრატეგიული სახელმწიფო კომპანიების მინორიტარული პაკეტების დაგეგმილი განთავსების შედეგად, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა 14 სექტემბერს.
პარლამენტმა 13 სექტემბერს პრივატიზაციის ახალი ფორმის შემოღების მიზნით პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელიც სახელმწიფო კომპანიების აქციათა შეუზღუდავი პაკეტების საერთაშორისო ბირჟებზე გაყიდვას ითვალისწინებს. ოპოზიციამ აღნიშნული ინიციატიცა გააკრიტიკა იმ მოტივით, რომ ეს ნაბიჯი სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფოს კონტროლის დაკარგვას გამოიწვევს.
“საქართველოს მთავრობა არც ახლა და არც მომავალში არ აპირებს ამ კომპანიების საკონტროლო პაკეტების გასხვისებას“, – განაცხადა გილაურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
“ჩვენი მიზანია, საერთაშორისო ბირჟებზე სტრატეგიული კომპანიების მინორიტარული პაკეტები 20, 25, 30%-ის განთავსება. არცერთ შემთხვევაში 49%-ზე მეტი არ განთავსდება“, – აღნიშნა მან.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, რომ ამ ტრანსაქციებით საქართველოში შემოვიდეს დამატებით „ასობით მილიონობით დოლარის ინვესტიცია“.
„თუ ეს ყველა ტრანსაქცია შესრულდება უახლოესი თვეების განმავლობაში, ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია შემოვა“, – განაცხადა ნიკა გილაურმა.
იმ კომპანიებს შორის, რომლის აქციების განთავსებასაც მთავრობა საერთაშორისო ბირჟებზე გეგმავს, არიან „საქართველოს რკინიგზა“, „საქართველოს ელექტროსისტემა“, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, რომელიც ჩრდილოეთ–სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენს მართავს და რომლითაც საქართველოს გავლით სომხეთი გაზს რუსეთიდან იღებს.
მთავრობამ ასევე განაცხადა თებერვალში, რომ განიხილავს თბილისში ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის „თელასის“ აქციათა საერთაშორისო ბირჟებზე განთავსებას, რომლის აქციათა 75%–ის მფლობელია ნიდერლანდების სამეფოში დარეგისტრირებული Silk Road Holdings B.V., რომელსაც სრულად ფლობს რუსული სახელმწიფო კომპანია „ინტერ რაო”; ხოლო 25% საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაშია.