ახალი ამბები

აშშ–ის ‘ძლიერი მხარდაჭერა’ საქართველოს ომიდან სამი წლის თავზე

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი აგვისტოს ომიდან სამი წლის თავზე ადასტურებს რა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ძლიერ მხარდაჭერას“, რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

“ამერიკის შეერთებული შტატები – როგორც ყოველთვის ვაცხადებთ, ძლიერ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ასევე გვინდა მოვუწოდოთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, და გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა იმ ტერიტორიებზე,“– განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მარკ ტონერმა 8 აგვისტოს ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე რუსეთსა და საქართველოს შორის ომის სამ წლისთავთან დაკავშირებით.

„ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ყველა მხარეს განაგრძონ კონსტრუქციული ჩართულობა ჟენევის დისკუსიების და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ორივე ეს საშუალება და მექანიზმი რეგიონში მეტი სტაბილურობის ხელშეწყობას დაეხმარება“, – აღნიშნა მან.

მარკ ტონერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ღირებულ“ როლს სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და განაცხადა: “ვწუხვართ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ აქვს დაშვება ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს“.

 

მსგავსი/Related

Back to top button