
კალანდაძე: ფოტოგრაფების საქმის შემდეგ საგარეო უწყებაში ‘შესაძლო ხარვეზებს’ სწავლობენ
ფოტოგრაფების საქმის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის კუთხით უსაფრთხოების ზომები ”ბუნებრივია გამკაცრდება”, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 25 ივლისს.
მისი თქმით, სამინისტროში საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს და არც ”რომელიმე კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ იკვეთება.”
ფოტოგრაფების საქმის გამოძიების ოფიციალური ვერსიის თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაქირავებულმა ფოტოკორესპონდენტმა გიორგი აბდალაძემ სამინისტროდან საიდუმლო დოკუმენტების მოპოვება შეძლო; თუმცა მას არცერთი დონის კონფიდენციალურ დოკუმენტებზე დაშვება არ ქონია.
კალანდაძემ 25 ივლისს განაცხადა, რომ ”შესწავლა მიმდინარეობს ხარვეზების, რომელსაც სავარაუდოდ ადგილი შეიძლება ჰქონოდა სამინისტროში“.
„ინფორმაციას არ ვადასტურებ, რომ ვინმეს მიმართ რაიმე სახის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს ან განხორციელდეს. ზოგადად, რასაკვირველია, ასეთი ფაქტების აღმოფხვრის შედეგად ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების ზომების გადახედვა ხდება ხოლმე და რასაკვირველია, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც კიდევ უფრო გამკაცრდება ეს ზომები“, – განაცხადა ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე კალანდაძემ.