ახალი ამბები

მართლმადიდებელი ეკლესია ‘მღელვარების მიზეზების’ მიუხედავად ‘სიმშვიდისკენ’ მოუწოდებს


საქართველოს ეკლესიის მხარდამჭერი მანიფესტაცია თბილისში 9 ივლისს.ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა გამოთქვა რა "უკმაყოფილება“ რელიგიური უმცირესობებისათვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების ფორმებთან დაკავშირებით, სასულიერო პირებს და მრევლს "მღელვარების მიზეზების“ მიუხედავად, "სიმშვიდისაკენ", ხოლო ხელისუფლებას სამომავლოდ რელიგიასთან დაკავშირებული საკითხების საპატრიარქოსთან შეთანხმებისკენ მოუწოდა.

“ანალოგიური საკითხების განხილვისას წინასწარი კონსულტაციები გაიმართოს საქართველოს საპატრიარქოსთან, რათა, აღნიშნული თემის სიფაქიზიდან და სპეციფიურობიდან გამომდინარე, თავიდან იქნას აცილებული შესაძლო გართულებები“, – ნათქვამია დღევანდელი კრების შედეგად სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია, რომ მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ „საქართველოში მცხოვრები ყველა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანი, ისევე როგორც რელიგიური გაერთიანებები, თანასწორია კანონის წინაშე“ და რომ მისი "განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი არ ზღუდავდა სხვა რელიგიურ გაერთიანებათა აღმსარებლობის თავისუფლებასა და კანონის წინაშე თანასწორობას“.

სინოდი თავის გადაწყვეტილებაში ასევე მოუწოდებს „დაიწყოს სამთავრობო მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების სტატუსსა და ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით“ და გააქტიურდეს მთავრობის საქმიანობა საზღვარგარეთ არსებული ძგლების მოვლა–პატრონობის მიმართულებით  – ამ შინაარსის დებულებას ითვალისწინებდა სამოქალაქო კოდექსში მიღებული ცვლილებების შესახებ კანონპროექტი, თუმცა მმართველმა პარტიამ საპატრიარქოსთან შეუთანხმებლობის მოტივით კანონი მის გარეშე დაამტკიცა. 

თუმცა ეს დებულება ასახულია 2002 წელს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ საკონსტიტუციო შეთანხმებაში, რომელიც აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ როლს. 

სინოდი თავის გადაწყვეტილებაში ასევე საუბრობს ამ კონსტიტუციური შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით კომისიის შექმნის აუცილებლობაზე.

მეუფე იობმა, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა კრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ მოკლე კომენტარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება "ორმხრივად კომპრომისულია“.

„ორმხრივად კომპრომისული ნიშნავს, რომ შეთანხმებულად მოხდა გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მომავალში ეკლესიას და სახელმწიფოს დადებითად წაადგება“, – აღნიშნა მან.

მეუფე სერაფიმემ, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ სინოდის კრებაზე იმყოფებოდა მმართველი პარტიის დეპუტატი ლაშა თორდია. 

“სინოდის წინაშე განაცხადა ოფიციალურად ბატონმა ლაშა თორდიამ, რომ ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე და თქვენს წინაშე და ჩვენ, მთავრობა არ ვანიჭებთ იმ უფლებებს, ამ კანონის მიხედვით, სხვა რელიგიებს, რა უფლებებიც გააჩნია ქართულ ეკლესიას“, – განუცხადა მეუფე სერაფიმემ ჟურნალისტებს.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რელიგიური უმცირესობებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს, ღია დაპირისპირების ერთ–ერთ ყველაზე დიდ წყაროდ იქცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას შორის.

შაბათს და კვირას მართლმადიდებელმა მრევლმა სამღვდელოების წარმომადგენელთა წინამძღოლობით თბილისში ფართომასშტაბიანი მსვლელობები მოაწყო მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების წინააღმდეგ და ეკლესიის დაცვის მოტივით.

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და მისმა წინამძღვარმა, ილია მეორემ ბოლო დღეების მანძილზე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ ისინი რელიგიური უმცირესობებისთვის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ არ იყვნენ. თუმცა, ქართული ეკლესია საკითხზე დეტალური და ხანგრძლივი განხილვისკენ მოუწოდებდა და ასევე ითხოვდა, რომ ქართულ ეკლესიასაც მინიჭებოდა ანალოგიური სამართლებრივი სტატუსი მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ კი სომხეთში. ილია მეორემ ასევე განაცხადა, რომ მიღებული კანონი "საშიში“ იყო.

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის  მოწოდებები, რომ არ ეჩქარა საკანონმდებლო ცვლილებების მიღება. პარლამენტმა კანონში ცვლილებები ხუთ დღეში სამი მოსმენით მიიღო, მაშინ როცა მეორე და მესამე მოსმენები ერთ დღეში, 5 ივლისს გაიმართა. კანონპროექტს იმავე დღეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი, ხოლო 6 ივლისს იგი ძალაში შევიდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button