ახალი ამბები

Freedom House: გაუმჯობესების მიუხედავად მედია საქართველოში კვლავ ‘ნაწილობრივ თავისუფალია’

Freedom House-ის თანახმად, მსოფლიოს 68 ქვეყანაში პრესა ”თავისუფალია”, 65-ში – ”ნაწილობრივ თავისუფალი”, ხოლო 63 ქვეყანაში –  ”არათავისუფალი.”

მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის მიერ 2 მაისს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო კვლავაც ”ნაწილობრივ თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყნების კატეგორიაში რჩება.

კვლევა, რომელიც 156 ქვეყანას ფარავს და 2010 წლის მონაცემებს ეყრდნობა, თითოეულ ქვეყანას ანიჭებს ქულას 0-დან 100-მდე შკალაზე. შეფასება სამი მაჩვენებლის მიხედვით ხდება, როგორიცაა: საკანონმდებლო, პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო, რომელშიც მედიას უწევს საქმიანობა. ქვეყნები, რომლებსაც ენიჭებათ 0-დან 30-მდე ქულა, ხვდებიან ”თავისუფალი” მედიის მქონე ქვეყანათა კატეგორიაში; 31-დან 60-მდე – ”ნაწილობრივ თავისუფალი”; 61-დან 100-მდე – ”არათავისუფალი”.

ბოლო კვლევაში საქართველო 55 ქულით 118-ე ადგილზეა. შარშანდელ კვლევაში, რომელიც 2009 წლის მოვლენებს ასახავს, საქართველოს 59 ქულა ქონდა და 126-ე ადგილზე იყო.

Freedom House-მა რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება იმით ახსნა, რომ ქვეყანაში ”პოლიტიკური გარემო გაუმჯობესდა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ჟურნალისტთა სამართლებრივი და ფიზიკური შევიწროების კლება, ოფიციალური პირების მხრიდან ცენზურის უფრო ცოტა შემთხვევა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ [მოვლენების] უფრო დაბალანსებული გაშუქება.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button