Placeholder canvas
ახალი ამბები

საერთაშორისო გამჭვირვალობა მოუწოდებს კომუნიკაციების კომისიას ‘უზრუნველყოს მედია ბაზრის მრავალფეროვნება’

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის საპასუხოდ, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ მოუწოდა კომუნიკაციების კომისიას, რომ "ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი მიანიჭოს ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს“. 

კომისიის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საინფორმაციო გადაცემებისადმი ინტერესი საქართველოში საგრძნობლად დაეცა და მაყურებელთა უმეტესობა უპირატესობას გასართობ და მუსიკალურ შოუებს ანიჭებს. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, საზოგადოებრივი კვლევის შედეგების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სამაუწყებლო ლიცენზიების მაძიებლებისთვის პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს. კვლევის საფუძველზე ახალი სამაუწყებლო პრიორიტეტების დამტკიცებას კომისია 18 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე აპირებს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო შიშობს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლებელია, საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ლიცენზიებზე უარის სათქმელად გამოიყენოს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც საინფორმაციო გადაცემების, პოლიტიკური დებატების, საგამოძიებო ფილმების ან სხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების მაუწყებლობას გადაწყვეტენ,“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 7 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

"ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის საბჭო მომავალი წლების სალიცენზიო პრიორიტეტების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღებს საქართველოს სატელევიზიო ბაზრის რეალობას, რომელიც გასართობ პროგრამებებს მრავლად გვთავაზობს, მაგრამ ჟურნალისტური კონკურენციის ნაკლებობას განიცდის. ასევე მწირია რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟები,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციამ ასევე მოუწოდა კომუნიკაციების კომისიას კვლევის დეტალური შედეგები, მათ შორის მისი ზუსტი მეთოდოლოგია და სრული მონაცემები საჯაროდ  ხელმისაწვდომი გახადოს მის ვებ–გვერდზე.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button