skip to content
ახალი ამბები

თურქეთის საგარეო უწყება: ბაღაფშის ვიზიტი ‘არ ატარებს ოფიციალურ ხასიათს’

ანკარამ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა 7 აპრილს, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში არაოფიციალურია.

"ბატონი სერგეი ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში განხორციელდება მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თურქეთის მოქალაქეების მიერ დაარსებული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების  მოწვევით და მათი პირადი პასუხისმგებლობით. ვიზიტი არ ატარებს არანაირ ოფიციალურ ხასიათს,“ – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით განცხადებაში.

"თურქეთი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ მეგობრობასა და ყველა სფეროში ფართო თანამშრომლობას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

"თურქეთი სრულიად იზიარებს საქართველოს ფაქიზ მიდგომას ტერიტორიული მთლიანობის საკითხისადმი. აღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და  ამ პოლიტიკას მისდევს, როგორც ძირეულ პოზიციას.“

"თურქეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების საკითხში, რომელიც მიმართულია  ორი ქვეყნის ხალხებისა და მთლიანად რეგიონის ინტერესებისაკენ,“ – განაცხადა თურქეთის საგარეო უწყებამ.

ბაღაფში ანკარაში 7 აპრილს კავკასიური ასოციაციების ფედერაციის და აფხაზური ასოციაციის ფედერაციის მოწვევით ჩავიდა.

ვიზიტის ფარგლებში, რომლის დროსაც ბაღაფში ასევე ეწვევა სტამბულს და ადაპაზარის, იგი აფხაზურ დიასპორას და ბიზნესმენებს შეხვდება, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ლიდერის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თურქეთში სტუმრობას სერგეი ბაღაფში დე ფაქტო პრეზიდენტის რანგში ჯერ კიდევ 2007 წელს გეგმავდა; თუმცა, მისი ვიზიტი ჩაიშალა, ვინაიდან ანკარამ მას ვიზა არ მისცა.

ბაღაფში თურქეთს დაახლოებით ათი წლის წინ სტუმრობდა და აფხაზურ დიასპორას შეხვდა. იმ დროს, 1999–2000 წლებში იგი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი იყო.

სერგეი შამბა, რომელიც ამჟამად სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრია, თურქეთს 2008 წლის ივნისში სტუმრობდა საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. მისი კერძო ვიზიტი თურქეთში კავკასია–აფხაზეთის სოლიდარობის კომიტეტის მოწვევით განხორციელდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button