ახალი ამბები

Amnesty International: საქართველოს მიერ დაკავებული თურქი მასწავლებელი ექსტრადიციის ‘გარდაუვალი რისკის’ წინაშე დგას

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქული სკოლის მასწავლებელი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, „თურქეთში ექსტრადიციის გარდაუვალი რისკის წინაშე დგას, სადაც მას წამება და ადამიანის უფლებათა სხვა მძიმე დარღვევები ემუქრება“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International 26 მაისს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც თბილისში დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ერთ-ერთი მმართველია, 24 მაისს თურქეთის ხელისუფლების თხოვნით დააკავეს. მას ბრალად ედება ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ე.წ. ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-სთან სავარაუდო კავშირი, რასაც ბრალდებული უარყოფს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 მაისს ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაბუქი „სავარაუდოდ დაეხმარა დემირელის სახელობის სკოლის ერთ-ერთ მეწილეს თავისი წილების მიყიდვაში აშშ-ში საგანმანთლებლო დაწესებულისებისთვის Metropolitan Education and Consulting Services LCC, რომელსაც, “თურქეთი მიიჩნევს, რომ გიულენის მოძრაობასთან აქვს კავშირები“.

გიულენის მოძრაობა, რომელსაც ბიზნეს კომპანიების და სკოლების საერთაშორისო ქსელი აქვს, აშშ–ში მცხოვრებმა თურქმა სასულიერო პირმა, ფეთჰულაჰ გიულენმა ჩამოაყალიბა. სწორედ მას ადანაშაულებს თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში.

„2016 წლის შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს თავის მოკავშირეებზე, რომ ფეთჰულაჰ გიულენის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებები განახორციელონ“, – განაცხადა Amnesty International-მა.

მუსტაფა ჩაბუქის „ექსტრადიცია შესაძლოა ნებისმიურ წუთში განახორციელონ და თურქეთში მას წამება და არასათანადო მოპყრობა, არასამართლიანი სასამართლო და ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევები ემუქრება“, – განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ.

„ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით, ასევე შიდა კანონმდებლობით, საქართველო ვალდებულია არ დააბრუნოს პირი იმ ქვეყანაში, სადაც მათ შესაძლოა წამების, არასათანადო მოპყრობის და ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევები დაემუქროს“, – განაცხადა ორგანიზაციამ.

Amnesty International-მა გადაუდებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდა, რათა მოსთხოვონ საქართველოს ხელისუფლებას, რომ „დაიცვას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით აღებული ვალდებულებები და არ განახოეციელოს მუსტაფა ჩაბუქის დეპორტაცია, ექსტრადირება ან სხვამხრივ დაბრუნება იმ ქვეყანაში, სადაც მას წამების, არასათანადო მოპყრობის ან ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევების საფრთხე დაემუქრება“.

მუსტაფა ჩაბუქის დაკავებამდე დაახლოებით ოთხი თვის წინ საქართველოს განათლების სამინისტრომ ბათუმში რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენთან ასოცირებული ჩაღლარის საგანმანათლებლო ინსტიტუტების ქსელში შედის, დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის მოტივად სკოლაში მოსწავლეების ჩარიცხვის კუთხით არსებული „მნიშვნელოვანი პრობლემები“ დაასახელა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებამდე ერთი დღით ადრე თბილისს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი სტუმრობდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button