skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ დეპუტატ თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილს პირობითი სასჯელი შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან სავარაუდო კავშირში მყოფი პირი, ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო.

9 თებერვალს პროკურატურამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ბორის ჩაგუნავას, რომელიც ინციდენტიდან მალევე დააკავეს, ბრალად წარედგინა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა.

პროკურატურის თქმით, „წარდგენილ ბრალდებაში ბორის ჩაგუნავამ თავი  დამნაშავედ სრულად სცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაგუნავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, რაც "ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით", აცხადებს პროკურატურა.

„პროკურატურა არ ეთანხმება  სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ განაჩენს  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოდან, რომლის წევრი გივი თარგამაძეცაა, 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფორმაცია ჩაგუნავას გათავისუფლების თაობაზე „შოკისმომგვრელია“ და „აჩენს კითხვებს პროკურატურის და ზოგადად მთავრობის მოტივაციასთან დაკავშირებით“.

„მთავარმა პროკურატურამ ამ ადამიანს უსწრაფესად დაუმთავრა საქმე და 9 თებერვალს მას  პირობითი სასჯელი მიესაჯა და იგი გათავისუფლებულია პატიმრობიდან… მას დაუდასტურდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობების, მათ შორის ტროტილის და ჰექსოგენის შეძენა-შენახვა საკუთარ ავტოფარეხში. თქვენ იცით, რომ იმ ნაწილაკების იდენტური ნაწილაკები, რომელიც აღმოჩენილია გივი თარგამაძის მანქანაში, ზუსტად ბატონი ჩაგუნავას ავტოფარეხში აღმოჩნდა“,  – განაცხადა კანდელაკმა.

გიორგი კანდელაკმა ასევე აღნიშნა, რომ მართალია თარგამაძემ  „პირდაპირ გამოთქვა ეჭვი მაღალი თანამდებობის პირებზე სახელმწიფო უშიშროების სამსახურში“,  „ეს პირებიც არ ყოფილან დაკითხული, რაც კიდევ უფრო აძლიერებს არსებულ კითხვებს.

მისი თქმით "მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი პატარა ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა-შეძენაზე მრავალწლიან სასჯელს იხდის," ჩაგუნავას საქმე "უსწრაფესად დაუმთავრეს" და "გასაიდუმლოებულ ვითარებაში, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად გაათავისუფლეს."

 

 

 

 

 

მსგავსი/Related

Back to top button