ახალი ამბები

პარლამენტმა სასამართლოებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ სახელწოდებით ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად საქმეების ელექტრონული გადანაწილების სისტემის დანერგვას ითვალისწინებს, პრეზიდენტის ვეტო 97 ხმით დაძლია.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ვეტო 24 იანვარს დაადო და ამის მოტივად სასამართლოს მიუკერძოებლობის და მოსამართლეების დამოუკიდებლობის პრინციპებთან მისი წინააღმდეგობა დაასახელა.

სანაცვლოდ პრეზიდენტმა პარლამენტს საკუთარი შენიშვნები შესთავაზა, რომლებიც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით, სასამართლო სისტემაზე კონტროლის და გავლენის შესაძლებლობას ზღუდავს.

პრეზიდენტის შენიშვნების თანახმად, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეები თავად მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ ხუთი წლის ვადით, და არ უნდა მოხდეს მათი დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან.

პრეზიდენტი ასევე სთავაზობს პარლამენტს, რომ გაუქმდეს მოსამართლეთა უვადო დანიშვნის წინ დაწესებული 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა – პარლამენტის მიერ მიღებული პაკეტით ამ გამოსაცდელი ვადით დანიშვნისგან გამონაკლისის სახით მხოლოდ  საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ის მოქმედი და ყოფილი წევრები თავისუფლდებიან, რომელთაც ამ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება აქვთ.

პრეზიდენტი თავის შენიშვნებს შორის ასევე ითხოვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს კანონით. პარლამენტის მიერ მიღებული პაკეტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა არანაკლებ 16 წევრით განისაზღვრა იმ დათქმით, რომ საჭიროების შემთხვევაში უზენაესი სასამართლოს პლენუმს ამ რაოდენობის გაზრდის საშუალება ექნება. ამჟამად მოქმედი წესით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას პლენუმი განსაზღვრავს და არა კანონი.

8 თებერვალს გამართული განხილვის დროს პარლამენტის სამივე ოპოზიციურმა ჯგუფმა – ევროპულმა საქართველომ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა – პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირა. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, მმართველი პარტიის დეპუტატებმა პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს. 

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა კენჭისყრამდე, რომ პარტია მხარს არ დაუჭერდა პრეზიდენტის შენიშვნებს, რომელთაც, მისი თქმით, არგუმენტები აკლდა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ ქართული ოცნება გააკონტროლებს რეფორმის განხორციელების პროცესს და განაგრძობს ფიქრს სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე.

„გასული ოთხი წლის განმავლობაში მართლმსაჯულების სფეროში გვაქვს რადიკალური პოზიტიური ცვლილებები და ეს მესამე ტალღა უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო განმტკიცებას. პრეზიდენტის ვეტოს არგაზიარება არცერთი გრამით არ შეამცირებს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს, ეს შემიძლია, თამამად გითხრათ. ეს არის ძალიან მყარი პოზიცია, რის საფუძველზეც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.  

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ „გაუგებარია თუ რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება“, ვინაიდან ეს შენიშვნები მიზნად ისახავდა „სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას და ძირითადში ემყარებოდა ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ მოსაზრებებს სწორედ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით“. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button