skip to content
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 9-10 იანვარს თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და ორი ქვეყნის „სტრატეგიული თანამშრომლობის“ საკითხებს მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან დაგეგმილ შეხვედრებზე განიხილავს.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან, პრემიერ-მინისტრთან ბინალი ილდირიმთან და თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

„შეხვედრების დროს განხილული იქნება საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის მიმდინარე აქტუალური საკითხები, მათ შორის საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობა, საუბარი ასევე შეეხება ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს თურქეთის დიპლომატიური კორპუსის ყოველწლიურ შეკრებაში და სიტყვით მიმართავს თურქ დიპლომატებს. მასთან ერთად ამბასადორიალში ასევე მონაწილეობენ მალტის, ტუნისის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, იტყობინება თურქეთის საგარეო უწყება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button