ახალი ამბები

ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტს ყიდულობს

ტელეკომპანია „იმედმა“  განაცხადა, რომ "წარმატებით" დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტი 2017 წლიდან მის საკუთრებაში გადავა.

27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა, ინა გუდავაძემ, რომელიც ტელეიმედის 100%-იანი წილის მფლობელია, ასევე განაცხადა, რომ "დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან" დაკავშირებით.

ტელეკომპანია GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერაა, რომელმაც ეს ტელევიზია 2012 წლის ბოლოს დააარსა, როგორც გასართობი არხი, თუმცა 2015 წელს ფორმატის შეცვლის შემდეგ მას პოლიტიკური გადაცემები დაემატა. 

„ჩვენ იმედი გაქვს, რომ სულ მალე ეს გარიგებაც წარმატებით დასრულდება“, – აცხადებს ინა გუდავაძე, „უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studios-ს, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში“.

განცხადებაში გარიგების სხვა დეტალებზე, მათ შორის ფინანსურ ღირებულებაზე საუბარი არ არის.

ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი წლის დასაწყისში მეწილეებს შორის მიმდინარე დავის შედეგად მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე „უცნობი“ გახდა. ტელეკომპანიაში მისი წილი 55%-ს შეადგენს, 25% მაკა ასათიანს ეკუთვნის; 15%-ის მფლობელი „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტია, ხოლო 5% ეკა აკობიას ეკუთვნის.

„მოლაპარაკებები ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასთან დაკავშირებით წარმატებით დასრულდა და 2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია მაესტრო გახდება ჰოლდინგ „იმედის“ შემადგენელი ნაწილი“, – ნათქვამია გუდავაძის განცხადებაში.

„იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგი „იმედი“ ტელემაყურებელს შესთავაზებს განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„გვჯერა, რომ გამოცდილი პროფესიონალების გაერთიანებული გუნდი და განახლებული მენეჯმენტი ღირსეულ წვლილს შეიტანს საქართველოს მედია სივრცის განვითარებაში“, – აცხადებს გუდავაძე.

მისი ამ განცხადების გავრცელებამდე მედია საშუალებებით დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია სამი ტელეკომპანიის ჩართულობით დიდი მედია ჰოლდინგის შექმნის შესაძლებლობაზე. „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში გია გაჩეჩილაძემ ინა გუდავაძის ფინანსური რესურსის გამოყენებით ჰოლდინგის შექმნის გეგმები დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ მესაკუთრეები არ იცვლებიან.  

„მაესტროს“ ერთ-ერთმა მეწილემ მამუკა ღლონტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ პროცესის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„მე ასე ვიტყოდი, რომ GDS-მა შეიძინა „იმედი“ და „მაესტრო და ყველაფრის ამის უკან, მე ვხედავ, ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა ღლონტმა. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button