ახალი ამბები

ქართულ ოცნებაში სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების განაწილებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, მმართველ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს  სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილების თაობაზე, განაცხადა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს პარლამენტის პირველ სხდომას, რომელსაც თავად გახსნის და ასევე სიტყვით მიმართავს, განაცხადა სამშაბათს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. 

პარლამენტის პირველი შეკრების შემდეგ, რომელიც მაქსიმუმ 19 ნოემბერს უნდა გაიმართოს, ქართულ ოცნებას, პარლამენტის ახალ თავმჯდომარესთან ერთად, ვიცე-სპიკერების და 15 კომიტეტის თავმჯდომარეობის პრეტენდენტების არჩევა მოუწევს. მან ასევე უნდა გადაწყვიტოს, თუ რამდენ ფრაქციას შექმნის მისი იმ საკონსტიტუციო უმრავლესობის ფარგლებში, რომელიც არჩევნების წინასწარი შედეგებით, 115 დეპუტატს შეადგენს. ფრაქციის ხელმძღვანელობის შერჩევასთან ერთად, ქართულ ოცნებას ასევე მოუწევს უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურაზე შეჯერებაც.

„ჯერ-ჯერობით არ არის გადაწყვეტილებები მიღებული საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით, თუმცა კონსულტაციები არის დაწყებული“, – განაცხადა კობახიძემ, რომლის კანდიდატურაც აქტიურად განიხილება ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე.

„რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არის უპირატესად პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და ის გააკეთებს კონკრეტულ კომენტარებს“, – განაცხადა მან 2 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული ოცნება პარლამენტის პირველი შეკრებიდან მაქსიმუმ ერთ კვირაში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ხელახლა დაასახელებს ამ თანამდებობაზე, ხოლო პრეზიდენტის წარდგინების შემდეგ, კვირიკაშვილს თავის მხრივ კაბინეტის წევრების შეთავაზება მოუწევს სამთავრობო პროგრამასთან ერთად პარლამენტის ნდობის მოსაპოვებლად.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა არჩევნების მეორე ტურის წინ განაცხადა, რომ ის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეერთების გზით დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებას და მოქმედ კაბინეტში 2-3 მინისტრის შეცვლას გეგმავს.

თუმცა მედიაში ბოლო დღეებში სულ ცოტა ოთხი ახალი მინისტრის შესახებ გამოითქმის ვარაუდები.  სააგენტო „2030“-ის ინფორმაციით, ფინანსთა მოქმედი მინისტრი ნოდარ ხადური სავარაუდოდ დაკარგავს თანამდებობას ახალ კაბინეტში და მას მოქმედი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის, რომლის ადგილზეც ბიზნესომბუდსმენის გიორგი გახარიას კანდიდატურა განიხილება, რომელიც ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-5 ნომერია.

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, ახალ კაბინეტში სავარაუდოდ თანამდებობას ვერ შეინარჩუნებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, რომლის შემცვლელადაც მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე სახელდება.

ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და პარტიული სიის მეორე ნომერმა კახა კალაძემ, რომელიც ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან საპარლამენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის გამო გადადგა, სამშაბათს „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის „თავის თავს უფრო  მთავრობის მიმართულებით ხედავს“, მაგრამ მინისტრის კონკრეტულ პორტფელზე არ მიუნიშნებია. „თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნა ნამდვილად არ გამაჩნია, სადაც გუნდს დავჭირდები მე მზად ვარ ყველა მიმართულებით ჩემი მაქსიმალური გავაკეთო“, – დასძინა მან.

ერთადერთი პოსტი, რომელიც მინისტრთა კაბინეტში ვაკანტურია, არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, რადგან ამ უწყების ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა. მის შესაძლო შემცვლელად მედია მოქმედ დეპუტატს და ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“ წასულ წევრს ვიქტორ დოლიძეს ასახელებს.

თავად დოლიძემ, რომელიც 2005-2009 წლებში საქართველოს ელჩი იყო ეუთოში, ხოლო პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს 2015 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა, ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე ჟურნალისტებს უარი უთხრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button