ახალი ამბები

ახალი პარლამენტი ქართული ოცნების საკონსტიტუციო უმრავლესობით

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს 115 დეპუტატით საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება ახალ სამპარტიულ პარლამენტში.

არჩევნების პირველი და მეორე ტურების შედეგად ქართულმა ოცნებამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და 150-წევრიან პარლამენტში გასანაწილებელი 77 პროპორციული მანდატიდან 44 მიიღო, ხოლო 73 მაჟორიტარული ოლქიდან 71 მანდატი მოიპოვა.

მისი ძირითადი ოპონენტი ახალ პარლამენტში ის 27 მომავალი დეპუტატი იქნება, რომლებიც ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ პროპორციული სისტემით გაიყვანა.

ორივე ამ პარტიის ოპონირებას კი ახალ საკანონმდებლო ორგანოში, როგორც მისი ლიდერები აცხადებენ, პატრიოტთა ალიანსი გეგმავს, რომელიც 6 ადგილს დაიკავებს პროპორციული სისტემით ახალ საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების წინასწარი შედეგებით, 30 ოქტომბრის კენჭისყრამ ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს გაამარჯვებინა საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელსაც ქართული ოცნება უჭერდა მხარს; ერთი დეპუტატი კი ახალ პარლამენტში, ქართული ოცნების ყოფილი კოალიციური პარტნიორის – მრეწველთა პარტიიდან მოხვდება, რომელმაც ხაშურში მაჟორიტარული არჩევნები დამაჯერებლად მოიგო.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას, თუმცა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კონსტიტუციონალისტმა ირაკლი კობახიძემ არ უარყო გავრცელებული ხმების მისი სპიკერად შესაძლო არჩევის თაობაზე.

საპარლამენტო თანამდებობების განაწილების საკითხი სავარაუდოდ მაშინვე დადგება დღის წესრიგში, როგორც კი ცესკოში არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ, პრეზიდენტი ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი შეკრების დღეს დანიშნავს.

ახალი პარლამენტის განსახილველი ერთ-ერთი პირველი საკითხი მთავრობის ფორმირება იქნება. როგორც ცნობილია, ქართული ოცნება, როგორც არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია, კვლავ მისი ლიდერისა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის წარდგენას აპირებს იმ კაბინეტის ხელმძღვანელად, რომელსაც პრემიერი შესთავაზებს სავარაუდოდ მცირედი სახეცვლილებით ახალ პარლამენტს ნდობის მისაღებად.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის „მაღალი ნდობა“, რომელიც მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგად მიიღო, „უდიდესი პასუხისმგებლობაა“, რომელსაც  „მჯერა, რომ ჩვენ ღირსეულად გავართმევთ თავს“ და „ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიყვანთ“.

„მე პატივს ვცემ თითოეული ადამიანის თავისუფალ არჩევანს, იმის მიუხედავად, რომელ პოლიტიკურ ძალას მისცა ხმა. მთავარია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად შევძელით საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და ეს არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მან 31 ოქტომბერს არჩევნებთან დაკავშირებულ თავის მიმართვაში. 

კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატს გამოიყენებს იმისთვის, რომ „აღარავის მიეცეს შესაძლებლობა, რომ კონსტიტუცია რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას მოარგოს“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიისათვის გადადგმული „მნიშვნელოვანი ნაბიჯი“ უწოდა, მოუწოდა ყველა აქტორს, რომ აქტიურად ჩაერთონ „დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში“ იმ პირობებში, როცა, მისი შეფასებით, „მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა“.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომლის თანაგუნდელებიც დამარცხდნენ მაჟორიტარულ არჩევნებში, როგორც მან თქვა, „ზეწოლის, დაშინების, მუქარის, ძალადობის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შედეგად“, განაცხადა, რომ ქვეყანაში შეიქმნა „ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის ვითარება“, რომელშიც ნაციონალური მოძრაობა იქნება „ერთადერთი ალტერნატიული ძალა“.

„ამიტომ დღეს ჩვენ გვეკისრება ბევრად უფრო მეტი ვალდებულება და პოლიტიკური ტვირთი, ვიდრე ეს იყო წინა წლებში“, – განაცხადა მან 31 ოქტომბერს პოსტსაარჩევნო ბრიფინგზე საუბრისას.  

„ჩვენი ამოცანა პარლამენტში იქნება საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ვიბრძოლოთ ყველა იმ ცვლილების წინააღმდეგ, რომელიც დააზიანებს ქართული დემოკრატიის ინტერესს“, – განაცხადა მან, „ჩვენი ფუნქცია იქნება ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არსებობდეს ჯანსაღი ოპოზიციური ველი, სწორი საზოგადოებრივი აზრი და ამ ყველაფრით არ მივცეთ საშუალება საკონსტიტუციო უმრავლესობას თავის თავზე მოირგოს პოლიტიკური სისტემა“.

მეცხრე მოწვევის პარლამენტი არ იქნება პირველი, რომელშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა იარსებებს. წინა ასეთ ვითარებას 2008-2012 წლების მოწვევის პარლამენტში ჰქონდა ადგილი, სადაც ნაციონალური მოძრაობა ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას და მას ხშირად აკრიტიკებდნენ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებული ცვლილებების მიღების გამო. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button