skip to content
ახალი ამბები

ოთხ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა ტარდება

22 ოქტომბერს განმეორებითი კენჭისყრა იმართება იმ ოთხ უბანზე, სადაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაბათილდა.  

განმეორებითი კენჭისყრა მარნეულის 36–ე საარჩევნო ოლქის 48–ე უბანზე ტარდება, სადაც 1 436 ამომრჩეველი რეგისტრირებული, ასევე ზუგდიდის 66–ე საარჩევნო ოლქის 38–ე, 79–ე და 108–ე უბნებზე, რომლებშიც ჯამში 2 844 ამომრჩეველს შეუძლია ხმის მიცემა.

"ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს", – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

ზუგდიდსა და მარნეულში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურების დანიშვნის საკითხი სწორედ განმეორებითი კენჭისყრის შედეგების მიხედვით გაირკვევა. 

ხმის მიცემის პროცესი 36–ე ოლქის 48–ე უბანზე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში 8 ოქტომბერს მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ოპოზიციის მხარდამჭერები საარჩევნო უბანზე შეჭრას შეეცადნენ. ინციდენტთან დაკავშირებით 6 პირი დააკავეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

არსებული მონაცემებით, მარნეულში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი (47.91%) ქართული ოცნების კანდიდატს თამაზ ნავერიანს (43.41%) 907 ხმით უსწრებს. პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად 50%-იანი ბარიერის დაძლევაა აუცილებელი.

მარნეულში განმეორებითი კენჭისყრის მსგავსად, ზუგდიდის 66–ე ოლქის სამ უბანზე  განმეორებითი კენჭისყრები გადაწყვეტს ამ ოლქშიც მეორე ტურის საჭიროების საკითხს.

ზუგდიდში ერთმანეთს უპირისპირდებიან ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი ნაციონალური მოძრაობიდან (45.71%) და ქართული ოცნების კანდიდატი ედიშერ თოლორაია (47.37%) – ეს უკანასკნელი 372 ხმით იგებს პირველ ტურში.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ორი – 79–ე და 108–ე უბნების შედეგები მას შემდეგ გაბათილდა, რაც დარბევის შედეგად საარჩევნო დოკუმენტაცია განადგურდა. ამ ინციდენტებთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული – ერთ–ერთ მათგანს, ქართული ოცნების მხარდამჭერს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

მაჟორიტარული არჩევნების განმეორებითი კენჭისყრების პარალელურად, ზუგდიდის 66–ე ოლქის სამ უბანზე 22 ოქტომბერს ასევე იმართება გამგებლის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრაც.

გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგებით, ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი 723 ხმით უსწრებს ქართული ოცნების კანდიდატს – ამ შემთხვევაშიც ზუგდიდის სამ უბანზე დანიშნული განმეორებითი კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს გამგებლის არჩევნების მეორე ტურის საჭიროების საკითხს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button