ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ ‘ბრძოლა გრძელდება’ იმ ფონზე, როცა სააკაშვილი მეორე ტურების ბოიკოტისკენ მოუწოდებს

მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მეორე ტურებში მონაწილეობის წინააღმდეგ მოუწოდა, ოპოზიციურმა ნაციონალურ მოძრაობამ განაცხადა, რომ ის „ბრძოლას აგრძელებს“  იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი“.

ეს განცხადება დეპუტატმა დავით ბაქრაძემ, რომელიც ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერია, მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ და ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამჟამად ოდესის გუბერნატორია, ნაციონალური მოძრაობის წევრებს მეორე ტურების ბოიკოტირება ურჩია.

ქართულ ოცნებას აქვს შანსი, რომ 150–წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის კანდიდატები იმ 50 ერთმანდატიანი ოლქიდან, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობისთვის მეორე ტურები უნდა გაიმართოს, დაახლოებით 46–ში გაიმარჯვებენ. სწორედ 46 ერთმანდატიან ოლქში დაუპირისპირდებიან ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები ერთმანეთს.

„მე ვერ ვხედავ აზრს მეორე ტურში მონაწილეობის და ამით ფაქტიურად ლეგიტიმაციის ძალიან უხეში დარღვევებით ჩატარებული არჩევნების“, – განაცხადა სააკაშვილმა თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც 10 ოქტომბერს მისი facebook-ის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

მისი თქმით, არჩეული დეპუტატების ვალდებულებაა, რომ შეხვდნენ პარტიის აქტივისტებს და „მანამ სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ თემაზე და ვიმეორებ, რომ არგუმენტები აქვს ორივე მხარეს – მონაწილეობასაც და არ მონაწილეობასაც  – მაინც იკითხონ ჩვენი მხარდამჭერების, ზოგადად საზოგადოების აზრი“.

„ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება გადაჯგუფება, ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და გავხდებით კიდევ უფრო ბევრი მომავალში და ჩვენ აუცილებლად მოვაშორებთ საქართველოს ივანიშვილის რეჟიმს“, – განაცხადა მან ვიდეო მიმართვაში, „ჩვენი ბრძოლა გრძელდება და რამდენიც არ უნდა იფართხალოს ივანიშვილმა, უახლოეს პერიოდში დამთავრდება ძალიან სერიოზული შემობრუნებით და საქართველოს წინსვლით. დღეს ჩვენ აღმოვჩნდით განსაცდელში, მაგრამ ყველაფერი, რაც არ კლავს, აძლიერებს. ამ განსაცდელიდანაც გამოვალთ ბევრად უფრო გაძლიერებული“. 

დავით ბაქრაძემ ორშაბათს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაცია, როცა ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკიდან მიდის ან წასვლას აანონსებს, „სრულიად ახალ პოლიტიკურ რეალობას“ ქმნის, სადაც ნაციონალური მოძრაობა არის არა მხოლოდ „მთავარი ოპოზიციური ძალა“, არამედ ის „ყალიბდება ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად ქვეყანაში“.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 10 ოქტომბერს მისი პარტიის არჩევნებში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ის დროებით მიდის პოლიტიკიდან. პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბლოკში, რომელიც ასევე დამარცხდა არჩევნებში, განაცხადეს, რომ პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება უახლოეს ხანში მიიღებენ. 

„ნაციონალური მოძრაობის მომავალი და წარმატება განსაზღვრავს არა მხოლოდ ამ პარტიის და მისი მხარდამჭერების ბედს, არამედ ნაციონალურ მოძრაობაზე გადის პოლიტიკური ბრძოლის ხაზი საქართველოს მომავალისთვის იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დამყარდეს ერთპარტიული რეჟიმი და იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებობდეს განსხვავებული აზრი და პოლიტიკური ოპოზიცია“, – განაცხადა ბაქრაძემ.  

„სწორედ ამიტომ, მე და ჩემი გუნდი სრულიად ცალსახად ვაცხადებთ: ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად“, – აღნიშნა მან.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ნებისმიერი დაანონსებული და მოუფიქრებელი გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ ორთქლის გამოშვებას, მხოლოდ გულის მოფხანვას და ამ ყველაფრით სინამდვილეში რეალურად გააძლიეროს დღევანდელი ხელისუფლება“, – განაცხადა მან, „ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ გულის მოფხანას, ჩვენ არ ვაპირებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც სინამდვილეში ხელისუფლებას გააძლიერებს“.

მისი თქმით, პარტიის პოლიტსაბჭო უახლოეს დღეებში მიიღებს სამოქმედო გეგმაზე გადაწყვეტილებას.

„დღეს მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას და ჩვენ ამ ბრძოლაში გამოვიყენებთ ყველა კანონიერ მეთოდს და ჩვენი შეფასებით, კანონიერი პოლიტიკური მეთოდები მოიცავს, როგორც საპროტესტო აქციებს, ასევე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ბრძოლას და უცხოეთში ჩვენ პარტნიორებთან მუშაობას“, – განაცხადა  ბაქრაძემ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა და მომავალმა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ იმავე ბრიფინგზე  მოკლედ განმარტა, რომ პარტიის ამოცანაა, რომ იმუშაოს, რათა „იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც არ შეეგუება ამ [არსებულ] პოლიტიკას, გაიზარდოს და იყოს  ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი“.

პარტიის ოფიციალური პოზიციის დაფიქსირებამდე ნაციონალური მოძრაობის წევრმა ელენე ხოშტარიამ, რომელიც პარტიულ სიაში მესამე ადგილზეა, თავის facebook-ის გვერდზე დაწერა: „ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და ბოიკოტი არის დღეს მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი, შესაბამისად ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო“.

მისი თანაპარტიელი და ნაციონალური მოძრაობის სიის მე-10 ნომერი სერგი კაპანაძე ასევე facebook-ზე შეეხო ამ თემას და განაცხადა, რომ იმ ფონზე, როცა ნაციონალურ მოძრაობას „თითქმის ნახევარმა მილიონმა ადამიანმა“ მისცა ხმა, „ახლა მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ მშვიდად და კონსტიტუციის ფარგლებში, დემოკრატიული წესებით ვიმოქმედოთ, როგორც პარტიის შიგნით, ისე ზოგადად“. 

„ჩემთვის ეს ნიშნავს მომხრეების გამხნევებას, საზოგადოებისთვის ახსნას, რომ მეორე ტურებში არ უნდა მივცეთ ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შანსი, და პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას, მათ შორის, პარლამენტის შიგნით“, – წერს კაპანაძე, „ენმ არ არის ერთი, ან ორი ადამიანის პარტია – მას ნდობა გამოუცხადა 500 000-ზე მეტმა მხარდამჭერმა და კეთილი ვინებოთ ყველამ და ამ მხარდამჭერების აზრი გავითვალისწინოთ“.

ნაციონალური მოძრაობის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობის კომენტირებისას, ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ, რომელიც ახალ პარლამენტში ჩუღურეთის მაჟორიტარის სტატუსით ხვდება, განაცხადა, რომ ნაციონალურ მოძრაობას თავისი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობა არ მისცემს საშულებას, რომ უარი თქვას პარლამენტში შესვლაზე. 

წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, ნაციონალურმა მოძრაობამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ხმათა 27.12% მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button