skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნება აცხადებს, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს

ქართული ოცნება, რომელიც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად დიდი სხვაობით ლიდერობს, ახალ პარლამენტში „საკონსტიტუციო უმრავლესობას“ მოიპოვებს, განაცხადა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ქართულმა ოცნებამ ხმათა 48.61% მიიღო არჩევნების პროპორციული სისტემით, რომლის საფუძველზეც 150 წევრიან პარლამენტში 77 მანდატი ნაწილდება; ასევე, სავარაუდოდ, 23 ერთმანდატიან ოლქში თავისი მაჟორიტარი კანდიდატები პირველივე ტურში გაიყვანა. მაჟორიტარული წესით სულ 73 დეპუტატი ირჩევა.

დაახლოებით, 50 ერთმანდატიან ოლქში, სადაც კანდიდატები, წინასწარი მონაცემებით 50%-იან ბარიერს ვერ ძლევენ, მეორე ტურების დანიშვნაა მოსალოდნელი მაქსიმუმ 25 დღის განმავლობაში. 49 ოლქში ქართულ ოცნებას თავისი კანდიდატები ეყოლება მეორე ტურებში, სადაც მათი ოპონენტები ძირითადად ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები იქნებიან. ქვეყნის მასშტაბით ერთადერთ, მთაწმინდის ოლქში ქართულ ოცნებას კანდიდატი არ დაუყენებია, რადგან მხარს უჭერდა დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც მაჟორიტარობისთვის მეორე ტურში განაგრძობს ბრძოლას. 

კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია „სრული მობილიზაციით“ მოემზადება მეორე ტურებში  „დამაჯერებელი გამარჯვების“ მოსაპოვებლად.

 „დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში, შესაბამისად, ქართული ოცნება მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში“, – განაცხადა მან.

საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ქართულ ოცნებას მოქმედ პარლამენტში კოალიციურ ფორმატში არ ჰყოლია, სულ ცოტა 113 დეპუტატს მოიცავს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button