skip to content
ახალი ამბები

აჭარის უმაღლესი საბჭო, წინასწარი შედეგებით, ოთხპარტიული იქნება

8 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგების თანახმად, რომელიც ყველა უბნის მონაცემებს ეყრდნობა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში ოთხი პარტია დაიკავებს ადგილებს.  

პროპორციული სისტემით, ქართული ოცნება ლიდერობს 44.91%–ით; შემდეგ მოდის ნაციონალური მოძრაობა – 29.63%–ით.

კიდევ ორი პარტია, რომელიც 5%–იან ბარიერს ლახავს აჭარის 21–წევრიან უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად,  არის ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – 6.08% და პატრიოტთა ალიანსი – 5.71%.

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საარჩევნო სისტემის მსგავსად, აჭარის არჩევნებიც შერეული სისტემით იმართება – უმაღლესი საბჭოს 15 წევრი პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიებიდან და საარჩევნო ბლოკებიდან, რომლებიც აჭარაში 5%-იან ბარიერს გადალახავენ. ხოლო 6 წევრი ირჩევა 6 მაჟორიტარულ, ერთმანდატიან ოლქში.

წინასწარი შედეგებით, ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში, მეორე ტურები გაიმართება ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს შორის. 

პირველი ტურის მონაცემებით, 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები 8-დან 19-მდე პროცენტული პუნქტის სხვაობით უსწრებენ კონკურენტებს ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა არცერთს არ აქვს მიღებული ხმათა 50%-ზე მეტი, რაც სავალდებულო იყო პირველივე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button