ახალი ამბები

ვენეციის კომისიის მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ სადავო ცვლილებებზე

საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის გაზრდა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილებებში, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, ზედმეტ ზომას წარმოადგენს და ამოღებულ უნდა იქნას, განაცხადა ვენეციის კომისიამ თავის წინასწარ მოსაზრებაში, რომელიც 27 მაისს გამოქვეყნდა.   

კვორუმის ამ შემოთავაზებული ზრდით საკონსტიტუციო სასამართლოს „შესაძლოა მოსამართლეების უმცირესობამ მარტივად დაუბლოკოს გადაწყვეტილების მიღება“, განაცხადა მან. 

მართალია ვენეციის კომისია მიესალმა კანონპროექტში ინიცირებულ ზოგიერთ ცვლილებას, თუმცა იმ საკითხების უმეტესობა გააკრიტიკა, რომლებიც ბევრი ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციის შეშფოთების წყაროს წარმოადგენდა და რის გამოც ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ მმართველი პარტიის დეპუტატის, ეკა ბესელიას მიერ ინიცირებული და პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მხარდაჭერილი კანონპროექტის მიღებას.

კანონპროექტს ასევე ეწინააღმდეგებოდნენ მმართველ კოალიციაში ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პარტნიორი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატები. 

მოქმედი ნორმით, კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს 9-წევრიანი პლენუმის სხდომაზე დამსწრე მოსამართლეთა ნახევარზე მეტი, რისთვისაც მინიმუმ 4 წევრის მხარდაჭერა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი, თუ სულ ცოტა 6 მოსამართლე ესწრება სხდომას.

შემოთავაზებული ცვლილებებით, კი გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო კვორუმი სულ ცოტა 6 წევრამდე იზრდება – არ აქვს მნიშვნელობა მინიმუმ 7 მოსამართლე დაესწრება სხდომას, თუ ცხრავე.

„ახალი წესი… ნიშნავს, რომ დამსწრე მოსამართლეების რაოდენობის მიხედვით – იქნება ეს ცხრა, რვა თუ შვიდი – გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო უმრავლესობა, შესაბამისად, 67%, 75% ან თუნდაც 86% იქნება. გაზრდილ კვორუმთან ერთად, ეს მეტისმეტია და სასამართლოს შესაძლოა მარტივად დაუბლოკოს გადაწყვეტილების მიღება მოსამართლეების უმცირესობამ“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

ვენეციის კომისია „კატეგორიულად ურჩევს… სულ ცოტა ექვსი ხმით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ამოღებას“. 

პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის გადაგზავნის გარეშე მიეღო.

კანონპროექტი ვენეციის კომისიას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაუგზავნა, რომელმაც საგანგებოდ სთხოვა ვენეციის კომისიას, რომ საკუთარი მოსაზრება 10 დღეში წარმოედგინა. ვენეციის კომისიას კანონპროექტი ასევე გადაუგზავნა პარლამენტმა, თუმცა არა მიღებამდე, არამედ მას შემდეგ, რაც ის დაამტკიცა.

3 ივნისს იწურება ვადა, როდესაც პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს ან ვეტო დაადოს კანონპროექტს.

გაიხსენა რა საკუთარი მოსაზრება პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალში კვორუმის გაზრდის თაობაზე, ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ „ასეთი ძალიან მკაცრი მოთხოვნა გადაწყვეტილების მიღების პროცესის დაბლოკვის რისკს შეიცავს“, და შეუძლებელს ხდის, რომ სასამართლომ თავისი მთავარი ამოცანა შეასრულოს, რაც კანონმდებლობის კონსტიტუცასთან შესაბამისობის განსაზღვრას გულისხმობს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებას პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის საკითხთან დაკავშირებით ხშირად იშველიებდნენ ოპოზიციური დეპუტატები მაისში პარლამენტში გამართული დებატების დროს, როდესაც კვორუმის გაზრდის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.  

კანონპროექტის თანახმად, თავისი 10–წლიანი მანდატის ბოლო სამი თვის განმავლობაში, მოსამართლეს არ აქვს უფლება, რომ ახალ საქმეებში მიიღოს მონაწილეობა, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო დავებს, მაღალჩინოსნების წინააღმდეგ იმპიჩმენტს ან საქმეების დასაშვებად მიღებას.
ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ „ევროპული გადმოსახედიდან, სამთვიანი პერიოდის შემოღება დაუსაბუთებელი ჩანს“.

„მაშინ, როდესაც მოსამართლისთვის უფლებამოსილების 10 წლიანი საკონსტიტუციო ვადის განსაზღვრა  გონივრულად მიიჩნევა  [საქართველოს] კონსტიტუციის ტექსტის მიხედვით, რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ შეუძლიათ მოსამართლეებს საკუთარი საკონსტიტუციო ფუნქციის შესრულება მანდატის ბოლო სამ თვეში. არაკონსტიტუციურია თუ არა მანდატის ამგვარი შეზღუდვა, თავად საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

კომისიამ ასევე განაცხადა, რომ „ის დაჟინებით ურჩევს იმ დებულების ამოღებას, რომელიც – შესაძლოა არაკონსტიტუციურად – მოსამართლეთა უფლებამოსილებებს ამცირებს მათი ვადის ბოლო სამ თვეში“.

ამჟამინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ერთის გარდა, ყველა წევრი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს არის დანიშნული. მხოლოდ ერთი წევრი, მერაბ ტურავა აირჩია მოქმედმა პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ.

მოქმედი 9 მოსამართლიდან, უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2016 წლის სექტემბრის ბოლოს 4 წევრს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს ეწურება. მოსალოდნელი ოთხი ვაკანტური ადგილიდან კი ორი პრეზიდენტმა უნდა შეავსოს საკუთარი კვოტით, ერთი უზენაესმა სასამართლომ და ერთიც პარლამენტმა აირჩიოს.

კიდევ სხვა სადავო ცვლილებების თანახმად, გადაწყვეტილებას სადავო საკანონმდებლო ნორმის შეჩერების თაობაზე, რაც დროებითი ზომაა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე,  პლენუმი მიიღებს; ამჟამად, სადავო ნორმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას ოთხი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია იღებს.

„არალოგიკურია, როდესაც შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც თავისი ბუნებით გადაუდებელია, მიიღება უფრო გართულებული პროცედურებით, რომელიც მოიცავს საქმის გადაგზავნას კოლეგიიდან პლენუმის სხდომაზე და შემდეგ ისევ კოლეგიისთვის დაბრუნებას არსებით განხილვაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ.

ასევე კანონპროექტის მიხედვით,  კოლეგიის მხოლოდ ერთ მოსამართლეს შეეძლება, რომ საქმის პლენუმის მიერ განხილვა მოითხოვოს, თუ მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისგან განსხვავდება. ვენეციის კომისიამ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი მოსამართლისთვის ამგვარი კომპეტენციის მინიჭება „არათანმიმდევრულია“ და ის უნდა შესწორდეს.

„თუ შენარჩუნდება ერთი მოსამართლის მიერ [პლენუმისთვის] გადაცემის მოთხოვნის შესაძლებლობა, მაშინ აღარ უნდა იყოს საჭირო, რომ ამ მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ ორი–მესამედის უმრავლესობამ მიიღოს მოტივირებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ვენეციის კომისიამ. 

ვენეციის კომისია მიესალმა მთელ რიგ „ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს“ კანონპროექტში, მათ შორის იმ ცვლილებებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალ წესს უკავშირდება.

არსებული კანონმდებლობით, თავმჯდომარის შერჩევა პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის კონსულტაციების გზით ხდება. ახალი კანონპროექტის მიხედვით კი,  თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა შეარჩიონ საკუთარი რიგებიდან და შემდეგ სულ ცოტა ხუთი ხმით აირჩიონ. 

დადებით ცვლილებებს შორის ვენეციის კომისიამ ასევე აღნიშნა საქმეების გადანაწილების ელექტრონული სისტემის შემოღება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მას შემდეგ ამოქმედება, რაც სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button