ახალი ამბები

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივ სამხედრო წვრთნებზე იმსჯელეს

აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა 15 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში მეოთხე სამმხრივი შეხვედრა გამართეს და სხვა საკითხებთან ერთად, ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვაზე იმსჯელეს. 

„საუბარი იყო სამმხრივ ფორმატში გასამართ სწავლებებზე. საქართველომ გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წელს უმასპინძლოს რამდენიმე ასეთ სწავლებას“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, „ამაზე თანხმობა მივიღეთ, ასე, რომ მოვემზადებით 2017 წლის გაზაფხულისთვის“.

„მხარეებმა ხაზი გაუსვეს სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მნიშვნელობას და სამმხრივი ერთობლივი სამხედრო სწავლებების ჩატარებას, რათა მივაღწიოთ ურთიერთთავსებადობას, სამხედრო განათლების და წვრთნის სამმხრივ განვითარებას, კიბერუსაფრთხოებაზე თანამშრომლობის განვითარებას და ნავთობისა და გაზსადენების დასაცავად სამმხრივი წვრთნების შემდგომ გაუმჯობესებას“, – იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერტაგი“ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაქირ ჰასანოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე იმსჯელეს სამი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე.

სამმხრივი შეხვედრები თავდაცვის მინისტრების დონეზე 2014 წლის აგვისტოდან წელიწადში ორჯერ იმართება. 

გაბალაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრებიც გამართა თავის აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან, ზაქირ ჰასანოვთან და  ისმეთ ილმაზთან.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაქოს საქართველოში მოქმედი ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გამოყენება შესთავაზა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე, თურქეთის მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერაზე, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციის პროექტზე.

„თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც უპირობოდ, რამე დათქმის გარეშე უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ნატოში“, – განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები ერთობლივი წვრთნების პროგრამებზე იმუშავებენ.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატოში და ასევე ვაფასებთ მის საქმიანობას რეფორმების განხორციელების კუთხით“, – იტყობინება თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის თავდაცვის მინისტრის ისმეთ ილმაზის სიტყვებზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button