skip to content
ახალი ამბები

ქართული ოცნების კანდიდატი გარდაბანში გამგებლის არჩევნებში იმარჯვებს

ქართული ოცნების მმართველი კოალიციის კანდიდატმა გარდაბანში გამგებლის არჩევნებში ხმათა 70.15%-ით დაამარცხა ერთადერთი კონკურენტი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელმაც ხმათა 29.85%  მიიღო.

გარდაბნის ოლქის 64-ვე უბნის წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატს გოჩა ჯამარაულს 16 104 ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის ბესიკ კახაბრიშვილის სასარგებლოდ 6 851 ამომრჩეველმა შემოხაზა ბიულეტენი 28 იანვარს გამართულ რიგგარეშე არჩევნებზე, რომლის ჩატარებაც ყოფილი გამგებლის გარდაცვალების გამო გახდა აუცილებელი.

კენჭისყრაში მონაწილეობა გარდაბნის ოლქში რეგისტრირებული 71  847 ამომრჩევლის 33.13%-მა მიიღო, ცესკოს მონაცემებით. 

„გარდაბნის არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართული ოცნება სტაბილურად ინარჩუნებს მაღალ რეიტინგს და რჩება დომინანტ პოლიტიკურ ძალად ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ხოლო ნაციონალური მოძრაობა არის გაკოტრებული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აღარ იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ, პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა მას შემდეგ, რაც 28 იანვრის არჩევნების წინასწარი შედეგები გამოქვეყნდა.

ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ არჩევნების მოსაგებად „ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი: ადმინისტრაციული რესურსი, სუსი, დაშინება, ზონდერები, ჩხუბები უბნებზე“.

„ამ ყველაფრით მათ წარმატება მოიპოვეს ერთ ოლქში, თუმცა ოქტომბერში [საპარლამენტო არჩევნებზე] იქნება 73 ოლქი… და ოქტომბერში მათ ელით სერიოზული დამარცხება“, – დასძინა რატიანმა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, გარდაბნის არჩევნების დამკვირვებელი ამ ორი ორგანიზაციის თანახმად, დაპირისპირების ინციდენტებს, რასაც ორი საარჩევნო უბნის გარეთ ჰქონდა ადგილი, კენჭისყრის პროცესისთვის ხელი არ შეუშლია და მთლიანობაში არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ასევე მიუთითეს ცალკეული პროცედურული დარღვევების შესახებაც. 

28 იანვარს არჩევნების მიმდინარეობისას ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას მხარდამჭერების მობილიზებაში ადანაშაულებდა, ძირითადად, იმ საარჩევნო უბნების სიახლოვეს, სადაც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას კარგი შედეგი ჰქონდა. ქართული ოცნება კი საპასუხო ბრალდებებით გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ოპონენტებს არჩევნების მიმდინარეობისას „დესტაბილიზაციის“ მოწყობა სურდათ.

ხუთშაბათს საღამოს ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს შორის გარდაბნის #2 საარჩევნო უბნის მიდამოებში დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ასევე ადგილი ჰქონდა ქვების სროლასაც. სატელევიზო კადრში გამოჩნდა, თუ როგორ გაყავდა პოლიციას უცნობი პირი შემთხვევის ადგილიდან. კამერებმა ასევე დააფიქსირეს პირი, რომელსაც შარვლის უკანა მხარეს იარაღი ჰქონდა ჩადებული. ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ დაპირისპირების ამ ინციდენტში ის პირები მონაწილეობდნენ, რომელთა მობილიზებასაც ქართული ოცნება სხვადასხვა უბნებთან  მთელი დღის მანძილზე ახდენდა. ქართულმა ოცნებამ კი „პროვოკაციის მოწყობაში“ ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გარდაბნის არჩევნებსა და ასევე ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კომენტარი პარასკევს მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მომხრეებს შორის მომხდარი დაპირისპირების კომენტირებისას, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ  არჩევნების დროს „იყო გარკვეული დაძაბულობა საარჩევნო უბნების გარეთ“ და მოუწოდა „ყველა მხარეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, მმართველი ძალის, ჩვენს მხარდამჭერებსაც, რომ მაქსიმალურად დავწიოთ ტემპერატურა“. 

„ჩვენ გველოდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ოქტომბერში, მთელი მსოფლიო საქართველოს უყურებს განსაკუთრებული ყურადღებით და ჩვენთვის ეს არჩევნები იქნება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელმაც საქართველოს პოზიცია, როგორც ევროპული ქვეყნის, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვართ მართლაც და ევროპული ქვეყანა, ვართ მაღალი კულტურის ქვეყანა და შევძლოთ ისეთი ურთიერთობა, მიუხედევად ყველანაირი პროვოკაციების, რომლებიც შეიძლება წამოვიდეს და ვიღაცას შეიძლება მართლაც აწყობდეს გარკვეული არეულობა, ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი პასუხისმგებლობა, როგორც მმართველ ძალას, რომ ჩვენ შეგვიძლია და ძალგვიძს ჩავატაროთ მართლაც სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.   

პრემიერ-მინისტრმა თხოვა იუსტიციის მინისტრს გადახედოს კანონმდებლობას, რათა ფიზიკური შეურაცხოფებისთვის „უფრო მკაცრი“ სასჯელი დაწესდეს.

„რამდენედაც მე ვიცი, იქ არის ფულადი ჯარიმები, თუ სხვა ასეთი საკმაოდ მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა ახლა მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ფიზიკური შეურაცხყოფისთვის უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნება ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე“, –  მიმართა კვირიკაშვილმა მინისტრ წულუკიანს მთავრობის სხდომაზე.

მან ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება გოჩა ჯამარაულს და მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს გაწეული საქმიანობისთვის. პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაქო ყოფილი ფეხბურთელი და 1994-2004 წლებში საქართველოს ნაკრების წევრი, გოჩა ჯამარაული, რომელმაც გარდაბნის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განაცხადა: „მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ჩემი მოწინააღმდეგე და ვინც მე ხმა არ მომცა, მე ვიქნები სულ ყველას გამგებელი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button