ახალი ამბები

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირის გამო 4 პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირის გამო 4 პირი დააკავა, რომელთაც 1 დეკემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაკავებები 29 ნოემბერს მას შემდეგ განხორციელდა, რაც კონტრტერორისტულმა სამსახურმა 11 სახლში ჩხრეკა ჩაატარა, განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ 1 დეკემბერს, თუმცა არ დააკონკრეტა, თუ სად განხორციელდა დაკავებები ან რომელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა.

ამ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ფაქტიურად დასტურდება ქართული მედია საშუალებებით ადრე გავრცელებული ინფორმაცია.
 
დაკავებების შესახებ ინფორმაცია პირველად 29 ნოემბერს გავრცელდა, როდესაც „რუსთავი 2“–მა განაცხადა, რომ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში 23 წლის მამაკაცი  „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით დააკავეს. ზოგიერთი სხვა ქართული მედია საშუალება ასევე იტყობინებოდა იმავე დღეს, რომ ამავე ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავეს, ორი მათგანი იმავე სოფლიდან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 410–ე მუხლით მესამე ნაწილით (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში ან საომარ მოქმედებაში).

„მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია, ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას“, – განაცხადა იზორიამ და დასძინა, რომ 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ნებართვა გაიცა.

„2015 წლის  29 ნოემბერს  სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლო განჩინებების საფუძველზე, ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ მიკუთვნებული დროშები“, – განაცხადა იზორიამ. 

სოფელ ნასაკირალში დაკავებული ორი პირის ნათესავებმა უთხრეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და ისლამური სახელმწიფოს დროშები სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს ჩაუდეს დაკავებულებს. ოთხიდან სულ ცოტა ორი მამაკაცი, რომლებიც 23 ნოემბერს გავრცელებულ „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ ვიდეოში ფიგურირებდნენ, სწორედ სოფელ ნასაკირალის მაცხოვრებლები იყვნენ.

29 ნოემბერს დაკავებულ ოთხ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ ბრალი (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარება).

„დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, – განაცხადა იზორიამ, „საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილების და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით“.

2015 წლის ივნისში პანკისის ხეობის მკვიდრი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს და ისლამური სახელმწიფოსთვის საქართველოში მებრძოლების გადაბირებაში დასდეს ბრალი. მასთან ერთად ასევე დააკავეს სამი თბილისელი, რომლებიც, როგორც ბრალდების მხარე აცხადებს, ბორჩაშვილმა გადაიბირა და რომლებიც თურქეთში გამგზავრებას გეგმავდნენ, რათა შემდეგ სირიაში გადასულიყვნენ. ოთხივე მათგანი ბრალდებებს უარყოფს. ამჟამად მათი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

პანკისის კიდევ ერთი მკვიდრი, დავით ბორჩაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნოემბრის ბოლოს დააკავა, როგორც სირიაში ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი. დავით ბორჩაშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, უარყოფს რაიმე კავშირებს ან ბრძოლას  ე.წ ისლამური სახელმწიფოს ან რომელიმე სხვა ტერორისტული ორგანიზაციის მხარეს და ირწმუნება, რომ მას „კონტაქტები“ ჰქონდა აშშ–ის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიასთან.

მსგავსი/Related

Back to top button