ახალი ამბები

„რუსთავი 2“–ის სასამართლო პროცესი 2 ნოემბრისთვის გადაიდო

„რუსთავი 2“–ის საკუთრების დავასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი ტელეკომპანიის ადვოკატების მოთხოვნით დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო და ის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 ნოემბერს გაგრძელდება.

„რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა, წინა სხდომის მსგავსად, პროცესის გადადება იმ მოტივით მოითხოვეს, რომ მათ საპაექრო სიტყვის მომზადებისთვის გონივრულ ვადა ესაჭიროებოდათ, რათა დეტალურად გაეანალიზებინათ 28 ოქტომბრის სხდომაზე მოწმის დაკითხვის ჩანაწერი, რომელმაც  2005–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის წილების ღირებულების შეფასების ექსპერტიზა წარადგინა.

პროცესის გადადებას ასევე დაეთანხმა მოსარჩელე მხარე, რომელიც სასამართლოში „რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამფლობელის ქიბარ ხალვაშის ინტერესებს წარმოადგენს, რომელიც აცხადებს, რომ 2006 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულა ბევრად უფრო იაფად, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო.

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ არ დააკმაყოფილა მოპასუხე მხარის შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ 19 ოქტომბერს სასამართლოს „შეურაცხყოფის“ მოტივით სხდომიდან გაძევებული „რუსთავი 2“-ის დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის სხდომებზე დასწრების უფლება მიეცა.

სასამართლო სხდომა იმ ფონზე გადაიდო, როცა 29 ოქტომბერს გავრცელდა სატელეფონო საუბრის ორი ჩანაწერი, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საუბრობს სასამართლოს გადაწყვეტილების დადგომის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაცვის საჭიროებაზე ბარიკადების მოწყობის მეშვეობით, მოუწოდებს „რევოლუციური სცენარით“ მოქმედებისკენ და ამბობს, რომ საჭიროა „ფიზიკური დაპირისპირება“, რომლის დროსაც უნდა იყოს „ცხვირ-პირის დანაყვები“ და „საბოლოო ჯამში, ეს სროლით დამთავრდება“. ამ ჩანაწერებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს.

 

მსგავსი/Related

Back to top button