ახალი ამბები

სასამართლომ „რუსთავი 2“–ის საქმის განხილვა 30 ოქტომბრისთვის გადადო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის საკუთრების დავას განიხილავს, საქმის მოსმენა პარასკევს დილამდე გადადო.

ქიბარ ხალვაშმა, რომელიც 2004–2006 წლებში ტელეკომპანიის თანამფლობელი იყო, სამოქალაქო დავა სასამართლოში აგვისტოში დაიწყო და თავის სარჩელში აცხადებს, რომ 2006 წელს ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ტელეკომპანიის გაყიდვა აიძულა.

„რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა უთხრეს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს ხუთშაბათს დაწყებულ სასამართლო პროცესზე, რომ მათ სხდომის გადადება სურდათ, რათა მისცემოდათ საკმარისი დრო არგუმენტების მოსამზადებლად იმ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომელიც მოწმემ წინა დღეს მისცა სასამართლოს.

მოსარჩელის ადვოკატებმა, რომლებიც სხდომის გადადების წინააღმდეგ იყვნენ, მოპასუხე მხარე პროცესის გაჭიანურების მცდელობაში დაადანაშაულეს.

თუმცა მოსამართლემ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის ადვოკატების თხოვნა და სხდომა 30 ოქტომბრისთვის გადადო.

28 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე სასამართლომ  2005–2006 წლებში „რუსთავი 2“–ის წილების ღირებულების შეფასების ანგარიში მოისმინა და ამ საკითხზე ის ექსპერტი დაკითხა, რომელმაც ეს ანგარიში მოამზადა. ამ ანგარიშით, რომელიც მოსარჩელემ მტკიცებულების სახით წარადგინა, ხალვაში იმის ჩვენებას ცდილობს, რომ მას ცხრა წლის წინ ბევრად უფრო იაფად მოუწია „რუსთავი 2“-ის წილების გაყიდვა, ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო.

შეფასების დოკუმენტი მოსარჩელის დაკვეთით საქართველოს სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა, შოთა ივანაშვილმა მოამზადა მოსარჩელის მიერ მიწოდებული ბუღალტრული ნაშთების საფუძველზე. ექსპერტმა უთხრა სასამართლოს, რომ შეფასება აქტივების შემოწმების მეთოდის გამოყენებით განხორციელდა,  რაც ბიზნესის ღირებულების შეფასების სამიდან ერთ-ერთი მეთოდია. ექსპერტის თქმით, ამ მეთოდის გამოყენება ყველაზე რელევანტური იყო იმ პირობებში, როცა მას შესაფასებლად კომპანიის არასრული ფინანსური მონაცემები ქონდა.

ოთხშაბათის მოსმენაზე ექსპერტის თითქმის სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, „რუსთავი 2“–ის ადვოკატები ამაოდ ეცადნენ, რომ მის მიერ მომზადებული მტკიცებულება ძალადაკარგულად გამოეცხადებინათ იმ საფუძვლით, რომ ის საეჭვო ბუღალტრულ ნაშთებს ეფუძნებოდა; მოპასუხე მხარე ასევე აცხადებდა, რომ ანგარიში საერთაშორისო შეფასების სტანდარტების დაცვით არ ყოფილა მომზადებული. ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

28 ოქტომბრის მოსმენაზე „რუსთავი 2“–ის ადვოკატებმა კვლავ დააყენებს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის აცილების საკითხი და ის მოსარჩელის სასარგებლოდ მიკერძოებაში დაადანაშაულეს. ურთმელიძემ უთხრა მოპასუხეებს, რომ მოსამართლის აცილებაზე მათი მრავალგზის მოთხოვნა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობას გავს.

გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 9-საათიანი კურიერის პირდაპირ ეთერში გაკეთებულ განცხადებაში მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „სამართლიანი სასამართლოს უფლების“ ჩამორთმევაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მოსამართლე ხელისუფლებამ „დაიქირავა“, რათა მან ხალვაშის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და მაუწყებლის მფლობელის შეცვლით გააჩუმოს ოპოზიციური არხი. გვარამიამ 28 ოქტომბერს საღამოს ასევე დაადანაშაულა მოსამართლე „ნაჩქარევ“ სამართალწარმოებაში, რომელმაც, მისი თქმით, არ მისცა „რუსთავი 2“–ის ადვოკატებს საკმარისი დრო თავისი არგუმენტების მოსამზადებლად, რადგან სხდომა 29 ოქტომბრის დილისთვის დანიშნა. ეს სხდომა, როგორც ცნობილია, მოპასუხე მხარის შუამდგომლობით უკვე გადაიდო.

28 ოქტომბერს, როცა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი სხდომის გადადების თაობაზე, გვარამიამ მოსალოდნელი სასამართლო პროცესის პარალელურად მხარდამჭერებს „რუსთავი 2“-ის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდა

„დადექით ჩვენს გვერდზე ხვალ 1 საათიდან… არსებობს არა მხოლოდ უკანონო გადაწყვეტილების გამოტანის რისკი – უკვე პრაქტიკულად გარანტირებულია, რომ მოსამართლე ურთმელიძე გამოიტანს უკანონო გადაწყვეტილებას – არამედ არსებობს რისკი, რომ ეს გადაწყვეტილება დაუყონებლივ იქნება მიქცეული აღსასრულებლად და ჩვენს ეზოში ვიხილავთ სპეციალური დანიშნულების რაზმს“, – განაცხადა გვარამიამ ოთხშაბათს საღამოს და დასძინა, რომ სპეცრაზმი გადაყვანილია ყაზარმულ მდგომარეობაზე და მათ შესაძლებელია მიიღონ ბრძანება, რომლის „ობიექტი იქნება რუსთავი 2“.

მისი გამოსვლიდან ცოტა ხანში შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც უარყო გვარამიას განცხადება  და მას „სრული სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია“ უწოდა.     

„გვარამიას მედია-მიმართვა ემსახურება მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და დაძაბულობის ესკალაციას“, – განაცხადა შსს–მ, „მივმართავთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს უსაფუძვლო და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან“.

თავის სატელევიზიო მიმართვაში, გვარამიამ ასევე უთხრა მაყურებლებს: „ჩვენ არ დაგვიჭიროთ მხარი; მხარი დაუჭირეთ საკუთარ თავს, საკუთარი შვილების მომავალს… უახლოეს დღეებში წყდება ამ ქვეყნის მომავალი… ამ ქვეყნის ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს ვთხოვთ დახმარებას ამ საქმეში, მათ შორის მათაც, ვისთვისაც „რუსთავი 2“ არ არის მოსაწონი სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო; საკითხი არ ეხება „რუსთავი 2“–ს, საკითხი ეხება ქვეყნის მომავალს“.

„სასამართლო ჩვენთვის ყრუა, სასამართლო ჩვენთვის ბრმაა. ჩვენ არ ვიმყოფებით სასამართლო პროცესზე, ჩვენ არ გვყავს მოსამართლე. ჩვენ საქმეს იხილავს დაქირავებული ზონდერი, რომელიც აუცილებლად და უტყუარად წარსდგება სასამართლოს წინაშე და პასუხს აგებს ყველა თავისი ქმედებისთვის“, – განაცხადა გვარამიამ.

მან გაიმეორა, რომ „ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავემორჩილებით“, თუ მოსამართლე ქიბარ ხალვაშიც სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ ამ გადაწყვეტილებას დაუყონებლივ აღსრულების ორდერი მოყვება.

მსგავსი/Related

Back to top button