skip to content
ახალი ამბები

ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს შეხვდა

დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე 24 სექტემბერს სანკტ–პეტერბურგში რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს, ვალენტინა მატვიენკოს შეხვდა.

ბურჯანაძე სანკტ–პეტერბურგში ევრაზიის ქალთა ფორუმის გახსნაში მონაწილეობს, რომელიც 24–25 სექტემბერს იმართება. 

ეს ბოლო ორი თვის მანძილზე ბურჯანაძის უკვე მეორე ვიზიტია რუსეთში.

„თქვენ კარგად გიცნობენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც როგორც ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს“, – მიმართა მატვიენკომ ბურჯანაძეს, „ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების იდეის მიმართ, რომელიც როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“.

„გულწრფელად ვამბობ, რომ დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში ჩვენს გამო არ მოხდა. ჩვენ ძალიან განვიცდიდით, როცა ეს ხდებოდა. სააკაშვილის რეჟიმი, რომელიც გაჟღენთილია რუსოფობიით, ყველაფერს აკეთებდა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების დასანგრევად. ვიცით, სამწუხაროდ, რითიც დამთავრდა ეს“, – განაცხადა მან.

„რუსეთი ყოველთვის უჭერდა მხარს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებას. ჩვენ ძალიან დადებითად მივიღეთ ის პოზიტიური სიგნალები, რომლებიც 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წამოვიდა“, – განაცხადა მატვიენკომ და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის ორმხრივ პირდაპირ დიალოგს გაუსვა ხაზი.

მატვიენკომ განაცხადა, რომ ეს პირდაპირი დიალოგი ურთიერთობების გაუმჯობესებას დაეხმარა ისეთ სფეროებში, სადაც პროგრესის მიღწევა შესაძლებელი იყო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, განსაკუთრებით კი ვაჭრობის და ხალხთა შორის კონტაქტების კუთხით.

„თუმცა, ჩვენ მაინც გვაწუხებს საქართველოს ხელისუფლების მტკიცე პოზიცია, რაც საშუალებს არ გვაძლევს, რომ სრული მასშტაბით აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა. რა თქმა უნდა, გვაწუხებს საქართველოს ნატოსთან დაახლოება, რაც ამიერკავკასიაში არასტაბილურობას ქმნის და არ უწყობს ხელს მშვიდობას და სტაბილურობას ამიერკავკასიაში“, – განაცხადა მატვიენკომ. 

ბურჯანაძემ განაცხადა: „საქართველოს და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. მოსკოვში ჩემი ბოლო კონტაქტების და ვიზიტების დროს მე ნამდვილად დავინახე, რომ რუსეთის ლიდერებს შორის არის რეალური ხედვა იმისა, რომ ეს ურთიერთობები მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის და რომ არსებობს ნორმალური ურთიერთობების აღდგენის სურვილი“.

მსგავსი/Related

Back to top button