skip to content
ახალი ამბები

საქართველოს და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა პარიზში გაიმართა



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი, პარიზი, 23 სექტემბერი, 2015 წელი. ფოტო: საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 23 სექტემბერს პარიზში თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრის დროს „ხაზი გაესვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი საფრანგეთის მხრიდან შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასოცირების შეთანხმების ეფექტური იმპლემენტაციისა და ვიზა ლიბერალიზაციის პროცესში“.

„ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, ჩვენ მივიტანეთ მთავარი მესიჯი, რაც არის ის, რომ საქართველომ შეასრულა 100 პროცენტით მთლიანი საშინაო დავალება, რაც ეხებოდა ქვეყანაში ამ კუთხით რეფორმების გატარებას და მთავარი მესიჯი იყო ის, რომ მიგრანტების არსებულმა პრობლემამ, რომელიც დღეს არის ევროპაში გამომდინარე ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისიდან, არ უნდა იმოქმედოს ჩვენს ვიზალიბერალიზაციის პროცესზე“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

„საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ძალიან დადებითად მიიღო ჩვენი მესიჯი. მან ძალიან დადებითი შეფასება გამოთქვა იმ რეფორმების თაობაზე, რომელიც საქართველომ გაატარა ამ მიმართულებით“, – დასძინა მან.

მომდევნო, მეოთხე ანგარიშს იმის თაობაზე, თუ როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნების დეტალურ ჩამონათვალს, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს შენგენის ზონაში მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის მისაღებად,  ევროკომისია სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს. ოფიციალური პირები თბილისში იმედოვნებენ, რომ ეს საბოლოო ანგარიში იქნება, რომელშიც კომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თავდაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას.

„მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ჟენევის მოლაპარაკებათა მიმდინარეობის პროცესი“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე, ასევე საქართველოს „თანამშრომლობაზე ევროკავშირთან და ნატოსთან“ და პარიზში დეკემბერში კლიმატის ცვლილების თაობაზე დაგეგმილი კონფენეციის საკითხებზე იმსჯელეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button