ახალი ამბები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მოსკოვში შეხვედრები გამართა

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი 15-16 სექტემბერს რუსეთს ეწვია „მოსკოვში სამუშაო კონტაქტების შენარჩუნების“ მიზნით, განაცხადა სადამკვირვებლო მისიამ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კიასტუტის იანკაუსკასი, რომელიც მისიას 2014 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს, მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს ნიკოლაი კოზიკს შეხვდა.

„ორივე შეხვედრა მეგობრულ, კონსტრუქციულ და პროფესიონალურ ატმოსფეროში გაიმართა“, – განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 16 სექტემბერს გავრცელებულ პრესრელიზში.

2011 წლის შემდეგ ეს მისიის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი იყო მოსკოვში.  მისიას 200–ზე მეტი უიარაღო დამკვირვებელი ჰყავს, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტას უწევენ მონიტორინგს, თუმცა სეპარატისტულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ.

„მისიის მანდატის ნორმალიზაციის, სტაბილიზაციისა და ნდობის აღდგენის კომპონენტების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის მთავარ მიზანს მოსკოვში სამუშაო კონტაქტების შენარჩუნება და ადგილზე არსებული მდგომარეობის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, ყველა მხარის პრობლემების განხილვა წარმოადგენდა“, – განაცხადა მისიამ. 

„საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდების მომზადების ფარგლებში განიხილეს. დაისვა და განხილულ იქნა ‘ბორდერიზაციის’, გადაადგილების თავისუფლების, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობისა და სამხედრო წვრთნების საკითხები. ასევე – პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოების სფეროში მომუშავე სტრუქტურების ურთიერთქმედება საველე პირობებში. ადგილზე  სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის შესანარჩუნებლად, ყველა მხარემ გამოთქვა არსებული ინსტრუმენტების, როგორიცაა სატელეფონო ცხელი ხაზი და შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM), გამოყენების მზადყოფნა“, – ნათქვამია მისიის პრესრელიზში.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მიმდინარე კვირას ასევე სტუმრობდნენ მოსკოვს. ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლები, რომლებიც ჟენევის მოლაპარაკებებს თავმჯდომარეობენ, გრიგორი კარასინს შეხვდნენ, რომელიც ჟენევის დისკუსიებზე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებელია. ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის და აშშ–ის, ასევე ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები, 6–7 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

მსგავსი/Related

Back to top button