ახალი ამბები

ღარიბაშვილი ჩინეთის პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 10 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩინეთის პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა.

„ერთი მთავარი საკითხი, რაზეც მე მქონდა საუბარი ჩინეთის პრემიერთან, არის სწორედ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაწყება… საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის ევროპაშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. მიმაჩნია, რომ ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა. ევროპაში ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ისლანდიასა და შვეიცარიასთან აქვს.

საქართველო და ჩინეთი მარტში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევის დაწყებაზე  შეთანხმდნენ.  თბილისში მოქმედი პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფისა (PMCG) და ჩინეთის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთში ქართული ექსპორტის 9%–იანი ზრდა მოყვება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ბოლო ორი–სამი წლის მანძილზე გააძლიერა ურთიერთობები ჩინეთთან.  

„ორი ქვეყნის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის.  მქონდა ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა ჩინეთის პრემიერთან. ჩვენ განვიხილეთ სტრატეგიული პროექტები“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა აბრეშუმის გზის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ კონცეფციის მიმართ, რომელიც აბრეშუმის გზის სავაჭრო კავშირების აღდგენას და მარშრუტის გასწვრივ ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს და აღნიშნა, რომ საქართველოს სურს ამ პროექტში მონაწილეობა, რადგანაც ის ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქვეყანას.

„არ გვსურს საქართველო იყოს დაპირისპირების ადგილი და გვინდა, რომ ის იყოს შერიგების, ურთიერთგაგების, მოლაპარაკების და მშვიდობის ადგილი. ეს არის ის მისია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად ასრულებდა. ხელისუფლების მიზანია, მაქსიმალური წინსვლა ამ მისიის შესრულებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერ–მინისტრი პეკინს ეწვევა და 11 სექტემბერს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდება. ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა ორდღიან შეხვედრას თბილისმა აგვისტოში უმასპინძლა. ღარიბაშვილმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ იგი ბანკიდან დაფინანსების მოზიდვას იმედოვნებს საქართველოში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად.

„ჩინეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები დაინტერესებულები არიან, მიიღონ მონაწილეობა ანაკლიის პორტის მშენებლობაში, რაც არის სერიოზული განაცხადი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, რომელსაც ანაკლიაში დაგეგმილი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი ჰქონდა მხედველობაში.

ასევე 10 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც პრემიერ–მინისტრს ახლავს ჩინეთში, დალიანში თავის ჩინელ კოლეგას ვან ის შეხვდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს–რელიზში, რომ ორი ქვეყანა აღრმავებს თანამშრომლობას ვაჭრობის, ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სფეროებში. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ახალ აბრეშუმის გზაზე ჩინეთის ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას დაეხმარება.

მსგავსი/Related

Back to top button