Placeholder canvas
ახალი ამბები

ვახტანგ გომელაური პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა

პარლამენტმა შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 83 ხმით, 22 ივლისს დანიშნა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ შსს-ის რეფორმირების თაობაზე საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო.

ეს რეფორმა 1 აგვისტოდან შსს-ის გაყოფის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი სამსახურის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხელმძღვანელის რანგში 39 წლის ვახტანგ გომელაური სწორედ 1 აგვისტოდან შეუდგება თავისი 6-წლიანი უფლებამოსილების ვადის შესრულებას.

მისი შემცვლელი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ არ დაუსახელებია. უსაფრთხოებისა და სადაზვერვო ფუნქციებისგან გათავისუფლების შედეგად, შსს-ს მხოლოდ საპოლიციო და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მანდატი დარჩება.

გომელაური შს სამინისტროს 2015 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა, ხოლო მანამდე ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2013 წლის გაზაფხულიდან ეკავა. 1994-2003 წლებში ის სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში, ხოლო 2003-2013 წლებში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოში მუშაობდა – გომელაური ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაცვასა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი.

ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს გომელაურის კანდიდატურა, როგორც „თავისი გამოცდილებით ამ თანამდებობისთვის შეუსაბამო“, რომლის ამ პოსტზე დანიშვნასაც მხოლოდ „რუს ოლიგარქთან“ – ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობები განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, მათი თქმით, გომელაური ახალ თანამდებობაზე თავის გადაწყვეტილებებში „დამოუკიდებელი“ ვერ იქნება. ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე გააკრიტიკა პარლამენტის მიერ რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურა, რომლის გამოც პლენარულ სხდომაზე გომელაურის კანდიდატურის განხილვისას მასთან კითხვა-პასუხის რეჟიმი ვერ შედგა.

თუმცა ოპოზიციას ეს შესაძლებლობა მანამდე, 22 ივლისს გამართული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ჰქონდა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავის შესავალ სიტყვაში ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ახალი სამსახური არ გააგრძელებს იმ პრაქტიკას, რომელიც უშიშროების სამინისტროს ადრე ჰქონდა, მათ შორის 2004 წლამდე, ვიდრე ის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეერწყმებოდა.

მან „ისლამური სახელმწიფოსა“ და ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული უკონტროლო ვითარება ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებს შორის დაასახელა.

„ტერორისტული საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით ყურადღება უნდა დაეთმოს ჩვენი თანამოქალაქეების რადიკალიზაციისა და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა“, – განაცხადა მან „ისლამური სახელმწიფოს“ გლობალურ პრობლემაზე თავის შესავალ სიტყვაში საუბრისას. 

ამ პრობლემის წინააღმდეგ პარლამენტმა ივნისში სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომელიც აფართოებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებულ დანაშაულთა წრეს.

გომელაურის თქმით, ამ საფრთხის გასანეიტრალებლად ქართული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ და ამის მაგალითად, როგორც მან უწოდა, საქართველოში ისლამური სახელმწიფოს „იდეოლოგის“ –   აიუფ ბორჩაშვილის და მისი თანამზრახველების დაკავების არახმაურიანი სპეცოპერაცია და „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანების მიზნით გადაბირებისთვის მისი პასუხისმგებაში მიცემა დაასახელა.

„რა თქმა უნდა, დამუქრებები მოდის და ამაზე ვერ გამოვალთ ტელევიზიით და ვერ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა მან ამ საფრთხეზე საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას.

თავის შესავალ სიტყვაში ვახტანგ გომელაურმა ასევე განაცხადა: „საფრთხის შემცველია ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა, რაც ხელსაყრელ გარემოებას ქმნის საერთაშორისო ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულისთვის, განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად აუცილებელი კომპონენტების უკანონო ბრუნვისთვის“.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების პრეტენზიის საპასუხოდ, რომ მან რუსეთი თავის გამოსვლაში მთავარ საფრთხეებს შორის არ მოიხსენია, გომელაურმა განაცხადა: „ეს იქნება რუსეთი თუ იქნება ჩვენი მეზობელი, სტრატეგიულად მეგობარი ქვეყნები, მნიშვნელობა არ აქვს,  სპეცსამსახურები მუშაობენ ყველა მიმართულებით, ერთ-ერთი შეიძლება იყოს რუსეთი“.

შემდეგ ის შეეხო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო დროს აღმართული ახალი ბანერების თემას და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ამგვარ „პროვოკაციებს“ არა ბანერების ჩამოგდებით, არამედ „ცივი გონებით უნდა შევხვდეთ“. „პროვოკაციაზე აყოლით, ვნახეთ, რაც მოგვივიდა 2008-ში, სამწუხაროდ“, – განაცხადა მან რუსეთთან აგვისტოს ომზე მინიშნებით. ასევე ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ საზღვრებზე საპოლიციო ძალები არა თუ შესუსტებული, არამედ „დამატებული“ და „გაძლიერებულია“.

საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას, ვახტანგ გომელაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის ჩამოთვალა: ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე გადაწყვეტილების მიმღები პირების ზუსტი და დროული ინფორმაციით უზრუნველყოფა; საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის სამსახურების კონკრეტული გეგმების, ამოცანების, სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ოპერაციების გამოვლენა და აღკვეთა; უსაფრთხოების სტრუქტურებში, შეიარაღებულ ძალებსა და სახელისუფლებო რგოლებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევის პრევენცია, მათი საქმიანობის გამოვლენა და ნეიტრალიზაცია; ტერორისტული საფრთხეების პრევენცია და მათი ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა; ტერორისტების ფინანსური და მატერიალური რესურსების შეზღუდვა; მასობრივი განადგურების იარაღის გადატანის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი ტერორისტული დაჯგუფებების ხელში მოხვედრის თავიდან აცილება;  ეკონომიკური შპიონაჟის წინააღმდეგ ბრძოლა; საჯარო სამსახურში კორუფციის, მათ შორის ელიტური კორუფციის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;  საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ინფორმაციის გაცვლის, გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი ოპერაციების განხორციელების მიზნით; ასევე განათლების ამაღლებაზე ორიენტირებული საკადრო პოლიტიკის გატარება, მათ შორის კონტრტერორისტული დანაყოფების გადამზადება და სათანადო აღჭურვა.

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა მხარი დაუჭირეს ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას და შეაქეს მისი აქამდე გაწეული საქმიანობა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ შსს-ს გაყოფის მიზნით მიღებული საკანონმდებლო ბაზა უსაფრთხოების თვისობრივად ახალი სამსახურის ჩამოყალიბების წინაპირობას ქმნის და ის, თუ „როგორ განვითარდება ეს სამსახური, დიდწილად დამოკიდებული იქნება მის უფროსზე“.

გომელაურმა განაცხადა, რომ მას კანონი ავალდებულებს, რომ მთავრობასთან ერთად ასევე იყოს ანგარიშვალდებული, მათ შორის გეგმიური და რიგგარეშე ანგარიშების წარდგენის ფორმით,  პარლამენტის წინაშე, რომელსაც აქვს ბერკეტი, რომ  საქმიანობის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, ის თანამდებობიდან ვადამდე დაითხოვოს.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში გამოვა საკანონმდებლო ინიციატივით, რათა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე ანგარიშვალდებული გახდეს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინაშეც, რომელსაც წვდომა აქვს საიდუმლო ინფორმაციაზე.

დეპუტატმა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ზურაბ აბაშიძემ თავის გამოსვლაში არ გამოხატა მკაფიო პოზიცია უჭერს თუ არა მისი პარტია მხარს გომელაურის ახალ თანამდებობაზე გამწესებას, თუმცა განაცხადა, რომ „ძალიან საფრთხილო“ იქნება მუშაობა იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით დგას. მან ასევე მოუწოდა, რომ „სრულიად გამოირიცხოს“ უსაფრთხოების სამსახურის მიერ პოლიტიკური ოპონენტების დევნა და თვალთვალი.

22 ივლისს გამართულ ფარული კენჭისყრის დროს, როცა ოპოზიციონერი დეპუტატების უმეტესობა სხდომათა დარბაზიდან უკვე გასული იყო, ვახტანგ გომელაურის წინააღმდეგ არცერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button