ახალი ამბები

პოლიციამ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე ზოგიერთ სოფელში შესვლა შეზღუდა

საქართველოს პოლიციამ არა ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესვლა შეზღუდა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფლებში წითელუბანსა და ხურვალეთში, სადაც არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა რუსეთის „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ათი დღის წინ ამ სოფლების სიახლოვეს ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ 17 ივლისს განაცხადა, რომ ამ სოფლებში შესვლა შეიზღუდა და მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას აქვს ამ ტერიტორიაზე  გადაადგილების უფლება. მისი თქმით, ამ ზომების მიღება ინციდენტების თავიდან აცილების საჭიროებამ განაპირობა. თალაკვაძის თქმით, ადგილზე ასევე გაძლიერდა საპოლიციო ძალების წარმომადგენლობა.

ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ერთ-ერთი ბანერი 14 ივლისს თბილისიდან ჩასულმა აქტივისტებმა და ჟურნალისტების ჯგუფმა ჩამოაგდეს; ამას მოჰყვა სხვა საპროტესტო აქციები და ადგილზე საქართველოს დროშა აღიმართა. 16 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები შეიარაღებული პირების თანხლებით მივიდნენ და საქართველოს დროშა ჩამოხსნეს. ასევე 16 ივლისს, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ამჟამად სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი ჩავიდა ადგილზე და ედავა ქართველ პოლიციელს, რომელიც თხოვდა მას უსაფრთხოების მოტივებით არ მიახლოებოდა საოკუპაციო გამყოფ ხაზს; ბარნოვი უყვიროდა მას და ეუბნებოდა, რომ საქართველოს პოლიციამ ქართული დროშა ვერ დაიცვა.

17 ივლისს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი ჯგუფის, "თავისუფალი ზონის" აქტივისტები ჩავიდნენ ადგილზე, თუმცა მათ ადგილობრივი მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ აქციები კიდევ უფრო ძაბავს ვითარებას და უარყოფითად მოქმედებს გამყოფი ხაზის უშუალო სიახლოვეს მცხოვრებ ადამიანებზე. ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეხლა-შემოხლასაც, რა დროსაც "თავისუფალი ზონის" ხუთი აქტივისტი დააკავეს.

სეპარატისტულმა ცხინვალმა დაგმო „პროვოკაციული“ საპროტესტო აქციები, ასევე ბანერის დემონტაჟი და განაცხადა, რომ მათ მიერ ჩამოხსნილი საქართველოს დროშა ქართულ მხარეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 20 ივლისს დაგეგმილ შეხვედრაზე გადაეცემა.

უკანასკნელ პერიოდში გამყოფ ხაზთან განვითარებული მოვლენების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 18 ივლისს ქუთაისში, რომ ბანერების აღმართვა იყო „პირდაპირი პროვოკაცია“, რასაც „სამწუხაროდ, გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს“. 

„ეს არის ძალიან საფრთხილო საქმე და ჩვენ, სახელმწიფო არ დავუშვებთ არცერთ პროვოკაციას – არც ქვეყნის შიგნიდან და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს“, – განაცხადა მან, „მე ვნახე ბარნოვი თუ ვიღაც, სადისტი სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე ჩადის და პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს წარმომადგენელს, პოლიციელს. მე პირდაპირ მივმართავ პოლიციელებს: ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყოვნებლივ აღკვეთეთ… პოლიციამ უნდა დაიცვას მუნდირი, თავისი ღირსება“.  

იმავე დღეს, წყალტუბოში გაკეთებულ ცალკე კომენტარში ღარიბაშვილმა განაცხადა: „მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროვოკაციების წყარო არიან: ვერაფერს ვერ მიაღწევენ; ისეთი ავანტიურისტები, როგორებიც არიან "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და ა.შ. ეს ადამიანები არიან უბრალოდ ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ისინი სწორედ ამ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით ძაბავენ ადგილობრივ მოსახლეობას. თქვენ ნახეთ, რომ მოსახლეობა იყო ძალიან აგრესიულად განწყობილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მიმართ, იგივე ბარნოვის მიმართ, რომლებიც კურდღლებივით დარბოდნენ [2008 წლის აგვისტოს] ომის დროს“.

„მთავრობა აგრძელებს თავის კონსტრუქციულ პოლიტიკას და ჩვენ ამ პროცესში ვერავითარი ძალა ვერ შეგვაჩერებს –  მე ვგულისხმობ, შიდა დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც ცდილობენ, რომ განსაკუთრებით ოლიმპიური [ახალგაზრდული ფესტივალი – თბილისი 2015, რომელიც 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება] თამაშების დაწყებამდე ცდილობენ [დაძაბულობის შექმნას]; ეს არის მიზანმიმართული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის დასჯადი; ასე რომ,  მე მინდა ყველა გავაფრთხილო, რომ ასეთი მცდელობები შედეგის მომტანი არ იქნება, ჩვენი სახელმწიფო დგას ძლიერად და ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე“. 

იმავდროულად, შაბათს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა საპროტესტო აქცია სახელწოდებით “Stop Russia”, სადაც მონაწილეებმა გააკრიტიკეს მთავრობა რუსეთის მიმართ არსებული პოლიტიკის გამო, რომელსაც ზოგიერთმა გამომსვლელმა მხდალი პოლიტიკა უწოდა და მთავრობა იმაში დაადანაშაულა, რომ ის ქვეყანას ოკუპაციისგან ვერ იცავს.

მსგავსი/Related

Back to top button