ახალი ამბები

ევროკავშირის განცხადებით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის სადემარკაციო ნიშნების განთავსება დაძაბულობას იწვევს

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარის გასწვრივ ახალი სადემარკაციო ნიშნების განთავსებამ „ადგილზე დაძაბულობა გამოიწვია, რასაც პოტენციური ნეგატიური შედეგები სდევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათი საარსებო წყაროსა და თავისუფალი გადაადგილებისთვის“, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა 15 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისმა განაცხადა, რომ 10 ივლისს რუსულმა ძალებმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განათავსეს გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის სიახლოვესაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი გადის. ამ ქმედების შედეგად კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრიანი მონაკვეთი თბილისის კონტროლს მიღმა მოექცა.

„ნაბიჯები, რომელიც შეიძლება პროვოკაციულად იქნას აღქმული, თავიდან უნდა იყოს აცილებული, ისევე როგორც ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ზიანი მოაქვს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ მიმართული მცდელობებისთვის“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერმა.

„ევროკავშირი და მისი მონიტორინგის მისია ამ სიტუაციას აქტიურად ადევნებენ თვალყურს. ჩვენ მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ და არსებული მექანიზმების გამოყენებისკენ, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, რათა შემცირდეს დაძაბულობა“.

„ევროკავშირი ადასტურებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ  ამ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგზე დასმულ კითხვაზე 13 ივლისს განაცხადა, რომ აშშ–ის პოზიცია სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით „ნათელი“ რჩება.

„ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ვადასტურებთ ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის მიმართ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს საკუთარი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, შეცვალოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი შესვლა უზრუნველყოს", – განაცხადა კირბიმ.

მსგავსი/Related

Back to top button