ახალი ამბები

ზოოპარკიდან დაკარგული ვეფხვის ლეში ნაპოვნია

ზოოპარკის ბინადარი ვეფხვის ლეში, რომელიც უკანსაკნელი მტაცებელი ცხოველი იყო, რომელიც სამი კვირის წინ თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, კვირას იქნა ნაპოვნი.

ის ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ტალახში იმ ადგილის სიახლოვეს აღმოაჩინეს, სადაც ზოოპარკიდან გაქცეული იმ ვეფხვის ლიკვიდაცია მოხდა, რომელიც 17 ივნისს მამაკაცს თავს დაესხა და იმსხვერპლა. ამ თავდასხმიდან რამდენიმე დღის განმავლობაში 112-ში ასზე მეტი შეტყობინება შევიდა დაკარგული ვეფხვის თითქოსდა შემჩნევის თაობაზე თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ; თუმცა ყველა ეს ზარი ცრუ აღმოჩნდა.

ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა, რომ 5 ივლისს ნაპოვნი მკვდარი ვეფხვი უკანასკნელი მტაცებელი ცხოველი იყო, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა.

13-14 ივნისის ღამეს მომხდარმა სტიქიამ სულ ცოტა 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სამი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა; წყალდიდობამ ათობით ოჯახი უსახლკაროდ დატოვა, მნიშვნელოვნად დააზიანა გმირთა მოედნის თამარაშვილის გამზირთან დამაკავშირებელი გზატკეცილი და ზოოპარკის დიდი ნაწილი გაანადგურა.

მსგავსი/Related

Back to top button