skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე: ‘ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან’

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკრიტიკებს ეროვნული ბანკისთვის საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის ჩამორთმევის თაობაზე ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ახლად ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, როგორც ეკონომიკისთვის ზიანის მომტან „პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“.

აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან ქართული ოცნების დეპუტატები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და მისი მოადგილე ნოდარ ებანოიძე რესპუბლიკელებიდან, პარლამენტში 21 მაისს დარეგისტრირდა.

ცვლილებები ითვალისწინებს 2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს შექმნას, რომელსაც სრულად გადაეცემა კომერციული და არაკომერციული საფინანსო ორგანიზაციების ზედამხედველობის ფუნქციები, მათ შორის კომერციული ბანკების და სხვა საფინანსო ორგანიზაციების ლიცენზირების, შემოწმებისა და რეგულირების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესების უფლება, რაც ამჟამად ეროვნული ბანკის მოვალეობებში შედის.

ეს სააგენტო, რომელიც მისი მმართველი საბჭოს დაკომპლექტების და ასევე  ყოველწლიური ანგარიშების წარდგენის კუთხით პარლამენტთან ანგარიშვალდებული ორგანო იქნება, არცერთ უწყებას არ დაექვემდებარება, თუმცა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით ის წმინდა ფორმალურად ეროვნული ბანკის სისტემის ნაწილი იქნება.

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უხელმძღვანელებს 7-წევრიანი საბჭო, რომლის შემადგენლობაში  ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად ასევე შევლენ პარლამენტის მიერ წევრებად არჩეული საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელთაც საფინანსო სფეროში მუშაობის გამოცდილება ექნებათ. ამ საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც წევრები საბჭოს შემადგენლობიდან თავად აირჩევენ და ის არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, 5 წლის ვადით, საბჭოსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე თავად დანიშნავს და გაათავისუფლებს ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსს.

ერთ-ერთმა ინიციატორმა, თამაზ მეჭიაურმა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს აპრილიდან ხელმძღვანელობს, ცვლილებების მოტივებზე საუბრისას,  განაცხადა, რომ „საჭიროა მოვახდინოთ დეპოლიტიზირება ეროვნული ბანკის“. „ახლა ის პოლიტიზირებულია“, – დასძინა მან.

22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკა პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს.

მისი თქმით, „საკვირველია“, თუ რატომ იქნა მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული და რა ეკონომიკური მოტივები არსებობს ამის უკან მაშინ, როცა საქართველოს საბანკო სისტემა „ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სფეროა საქართველოში“, არ არსებობს საჯარო შენიშვნები ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისადმი, რომელიც მისი თქმით, სავალუტო ფონდის მიერ ასევე  „ძალიან პოზიტიურად“ არის შეფასებული. 

„ჩვენ დღეს გარკვეული ცვლილებებით საბანკო სისტემასთან მიმართებაში შესაძლოა ამ სექტორის რყევის სერიოზული ნიშნები შევქმნათ“, – განაცხადა აბაშიშვილმა, „თუ ვინმეს ეკონომიკური რეფორმების განხორციელება უნდა – რატომ იწყებს ამას იმ სფეროდან, რომელსაც ამ ეტაპზე რეფორმები არ სჭირდება? რატომ ვაპირებთ ვუმკურნალოთ დარგს, რომელსაც ამის საჭიროება არ აქვს? ჩვენ შეგვიძლია სხვა მიმართულებით განვახორციელოთ ეკონომიკური რეფორმები, თუკი ამის ნება არსებობს“.

„აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, ვთვლით, რომ ეკონომიკა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან; პოლიტიკური თამაშები ეკონომიკაში არ შეიძლება; ეს ავნებს ეკონომიკას. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად აისახება ბიზნესგარემოზე, ზიანდება მსგავსი გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

მან დაგეგმილი კანონმდებლობა იმ კუთხითაც გააკრიტიკა, რომ ის „პრეზიდენტის ინსტიტუტის კონსტიტუციური ფუნქციების სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებით ფაქტობრივი შესუსტების კიდევ ერთ მცდელობას“ წარმოადგენს, რადგან ფუნქციურად სუსტდება ეროვნული ბანკი, რომლის მმართველი რგოლების დანიშვნის პროცედურებში პრეზიდენტი ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. კერძოდ, ის წარუდგენს პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ასარჩევად და ასევე, ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ამტკიცებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი მარგველაშვილი ვეტოს უფლებას, პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციების მიღების შემთხვევაში, აბაშიშვილმა უპასუხა: „პრეზიდენტის მიერ ვეტოს შესაძლო გამოყენება… ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ყველა ის ინიციატივა, რომელიც იქნება ეკონომიკის დამაზიანებელი და ნაკარნახევი მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, თავისთავად ცხადია, იქნება უგულვებელყოფილი“.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის ოფიციალურად დარეგისტრირებას წინ უძღოდა, 20 მაისს საღამოს პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან თამაზ მეჭიაურთან გამართული შეხვედრა, რომელშიც დახურულ ფორმატში ასევე მიიღეს მონაწილეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ბიზნეს ობუდსმენმა, პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომლის  წლიურ ანგარიშსაც პარლამენტი მომავალ კვირას მოუსმენს და ეს ამ რანგში მისი ბოლო ანგარიში იქნება, ვინაიდან მომავალ წელს მას უფლებამოსილების ვადა ეწურება, ლარის გაუფასურების გამო არაერთხელ გამხდარა ქართული ოცნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა კრიტიკის სამიზნე, ძირითადად, მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ის იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან გაცვლითი კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო რეზერვების საკმარისი ინტერვენცია არ განახორციელა. დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა ცოტა ხნის წინ ასევე არ გამორიცხა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა ეროვნული ბანკის როლის შესასწავლად ვალუტის გაუფასურების საქმეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button