ახალი ამბები

ლარის დაცემის ფონზე ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა იმ ფონზე, როდესაც 28 აპრილს ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 16 წლის წინანდელ მაჩვენებლამდე დაეცა.

სამშაბათს ლარი 1%–ზე ოდნავ მეტით დაეცა და მისმა გაცვლითმა კურსმა 2.3087 შეადგინა 1 აშშ დოლარის მიმართ, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 1999 წლის მარტის შემდეგ.

2014 წლის ნოემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქართულმა ვალუტამ გაუფასურება დაიწყო, ლარმა აშშ დოლარის მიმართ თავისი ღირებულების 31.6% დაკარგა.   

40 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვა სამშაბათს საქართველოს ეროვნული ბანკის უკვე მეხუთე ინტერვენცია იყო წელს მას შემდეგ, რაც თებერვალსა და აპრილში ოთხი ინტერვენციის შედეგად სულ 160 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა (40 მილიონი აშშ დოლარი თითოეული ინტერვენციის დროს).

აპრილის შუა რიცხვებში სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings–მა საქართველოს რეიტინგი პოზიტიურიდან სტაბილურით შეცვალა და ქვეყანას “BB-” რეიტინგი დაუტოვა, რაც სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. “საინვესტიციო დონის” რეიტინგს. სარეიტინგო კომპანიამ განაცხადა, რომ უამრავმა საგარეო შოკმა, რაც რუსეთში ეკონომიკურ ვარდნას მოყვა, „ძალიან უარყოფითი გავლენა“ მოახდინა საქართველოზე, რასაც თან სდევდა ექსპორტის და ფულადი გზავნილების კლება და ლარის გაუფასურება. 

საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 2015 წლის პირველ კვარტალში 27.7%–ით შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 502.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადმა გზავნილებმა პირველ კვარტალში 22.8%–ით დაიკლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 249.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 28 აპრილს, რომ ლარის გაუფასურება გარე ფაქტორების მიერ არის გამოწვეული; მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს. მისი თქმით, მშპ პირველ კვარტალში 3.1%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. „გადახედეთ რეგიონში მიმდინარე სიტუაციას და ნახავთ, რომ ეს არის გამონაკლისი“, – განაცხადა პრემიერ–მინისტრმა და დასძინა, რომ ეს მთავრობის წევრების „ეფექტური“ მუშაობის შედეგია. 

მართალია თებერვალში მთავრობამ განაცხადა, რომ მშპ–ს ზრდის პროგნოზს 5%–დან 2%–მდე შეამცირებს, თუმცა საბიუჯეტო მაჩვენებლები ჯერ კიდევ 5%–იან ზრდაზეა გათვლილი.

მსგავსი/Related

Back to top button