ახალი ამბები

კანონპროექტი, რომლითაც ‘შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებები’ დასჯადი ხდებოდა, შეიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელმაც მედია და უფლებადამცველი ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია გამოხატვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვის გამო, გადაიხედა, რის შედეგადაც სადავო ფორმულირება, რომლითაც „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებები“ დასჯადი ხდებოდა, ამოღებულ იქნა კანონპროექტიდან.

სისხლის სამართლის კოდექსში მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების პროექტი, რომლითაც „შუღლის გაღვივების თაობაზე მოწოდებები“ სისხლის სამართლის დანაშაული ხდებოდა, პარლამენტს პირველად განსახილველად იანვარში წარედგინა. 

თავდაპირველმა პროექტმა ზოგიერთი დეპუტატის შეშფოთებაც გამოიწვია, მათ შორის მმართველი კოალიციიდან, რასაც შედეგად მოყვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომლის შემადგენლობაშიც დეპუტატები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შევიდნენ.

სამუშაო ჯგუფმა შესწორებული კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 7 აპრილს განიხილა.

შესწორებული კანონპროექტი, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, დასჯადს ხდის „მოწოდებას ძალადობრივი ქმედებისკენ" რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოგდების მიზნით.

შესწორებული პროექტი ასევე აკონკრეტებს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ასეთი მოწოდებები ქმნის აშკარა და პირდაპირ საფრთხეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე შესწორებული კანონპროექტის წარდგენისას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ აღიარა, რომ თავდაპირველი კანონპროექტი ბუნდოვანი იყო და ინტერპრეტაციების საშუალებას იძლეოდა.

7 აპრილის სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა შესწორებული კანონპროექტი პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით განხილვისთვის მოიწონა.   

ქართული ოცნების დეპუტატმა თამარ კორძაიამ, რომელიც კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიის წინააღმდეგი იყო, განაცხადა, რომ შესწორებულო ვარიანტში ამოღებულია „ის რისკები, რისიც გვეშინოდა“. შესწორებულ კანონპროექტს ასევე დაუჭირა მხარი დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ შალვა შავგულიძემ. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები სხდომას არ დასწრებიან, რადგანაც ისინი საკომიტეტო მოსმენებს თბილისში ბოიკოტს უცხადებენ ქუთაისიდან პარლამენტის დედაქალაქში ნაწილობრივი გადმოტანის პროტესტის ნიშნად.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button