ახალი ამბები

ევროკავშირი–საქართველოს კონსულტაციები ბრიუსელში

საქართველოს დელეგაციის წევრები, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრი, სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და სახელმწიფო მინისტრები, 1 აპრილს ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ „სიღრმისეულად ემსჯელათ ოკუპირებულ რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევით, რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ე.წ. „ხელშეკრულებების“ შესაძლო შედეგებზე“.

საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან ერთად, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე; ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, რომელიც საქართველოს მთავარი მომლაპარაკებელია ჟენევის დისკუსიებზე და იუსტიციის მინისტის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე. ევროკავშირს წარმოადგენდა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივანი ალან ლე როუ.

„საქართველოს მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ახალ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ქმნის კონფლიქტის გადაწყვეტისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებთან ჩართულობის თვალსაზრისით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი ბრიუსელში 31 მარტს ევროკომისიის პირველ ვიცე–პრეზიდენტს, ფრანს ტიმერმანს, ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს და თავის ბელგიელ კოლეგას, დიდიე რეინდერსს შეხვდა.

ბერუჩაშვილი ბრიუსელში იმ ქართველ დიპლომატებსაც შეხვდება, რომლებიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მსახურობენ, რათა, როგორც მან აღნიშნა, განიხილონ შემდგომი ძალისხმევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტამდე ევროპული დედაქალაქების ყურადღების მობილიზაციისთვის.   

მსგავსი/Related

Back to top button