Placeholder canvas
ახალი ამბები

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებთან ერთად იმყოფებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, უცხოელი დიპლომატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მიუხედავად პრეზიდენტის უამრავი მოწოდებისა მთავრობის მიმართ, რომ დასწრებოდნენ მის ყოველწლიურ მოხსენებას, პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მთავრობის წევრებმა, გასული წლის მსგავსად, უარი თქვეს დასწრებაზე.

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის წევრები არ არიან ვალდებულნი დაესწრონ პრეზიდენტის მოხსენებას, რადგანაც არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელი. პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტის გამოსვლას „ტელევიზორით“ უყურებს.

„არც ერთ შემთხვევაში, ეს არ არის უპატივცემულობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, პირიქით, შეიძლება მცდარი აზრია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ და ასე მიგვაჩნია სწორად, რომ ახალი რეალობის დამკვიდრებას უნდა შეუწყოთ ხელი“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უპასუხა, რომ მთავრობა უნდა დაესწროს, რადგანაც ეს არის „ტრადიცია“, რომელსაც მათ პატივი უნდა სცენ.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ  ფრაქციის თავმჯდომარეთა გამოსვლები გაიმართება. 11 ფრაქციიდან თითო წარმომადგენელს 15 წუთიანი გამოსვლა ექნება.

მსგავსი/Related

Back to top button