skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილის სატელევიზიო თოქშოუ დაიწყო, რათა საზოგადოებას დაეხმაროს „სწორად დაინახოს მოვლენები“

ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო თოქშოუ კვირას პირველად გავიდა ეთერში. მისი ორგანიზაციის „2030“–ის მიერ მომზადებული ამ გადაცემის მიზანი საზოგადოების „კვალიფიციური ანალიზით“ უზრუნველყოფა და მისი დახმარებაა, რომ „სწორად დაინახონ მოვლენები“ იმ მედია სივრცეში, სადაც, როგორც გადაცემის პირველმა სტუმარმა, ივანიშვილმა აღნიშნა, კვლავ ნაციონალური მოძრაობის „პროპაგანდის და სიცრუის მანქანა“ – „რუსთავი 2“ ადგენს დღის წესრიგს. 

თოქშოუ ტელეკომპანია GDS-ის (Georgian Dream Studio) ეთერში გადის, რომელსაც ივანიშვილის შვილი, ბერა ხელმძღვანელობს.

მართალია ივანიშვილი არ იქნება თოქშოუს წამყვანი, როგორც ის თავდაპირველად გეგმავდა, მაგრამ მან განაცხადა, რომ ის გადაცემის ხშირი მონაწილე იქნება.

თოქშოუს იგივე სახელწოდება აქვს, რაც ივანიშვილის ორგანიზაციას „2030“ – მანამდე ივანიშვილმა ბევრჯერ აღნიშნა და კვირასაც გაიმეორა, რომ საქართველოს სულ ცოტა 20 წელი დასჭირდება, რომ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ განვითარდეს.

„პროექტის მიზანი გახლავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენების კვალიფიციური ანალიზი – ძირითადად, პოლიტიკური მოვლენების, ისევე როგორც ეკონომიკური და სოციალური – და ამავდროულად, ისეთ თემებსაც განვიხილავთ და გავაკეთებთ სწორ აქცენტებს, რომლებიც მიმართული იქნება ქვეყნის განვითარების სტრატეგიის გასაგებად და დასალაგებლად“, – განაცხადა მან თოქშოუში, რომელშიც ასევე მონაწილეობდა „2030“–ის კიდევ ორი წარმომადგენელი.

„ამისათვის ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი ჯგუფი“, – განაცხადა მან, „60 კაცზე მეტი შედის დღეს საზოგადოება „2030“–ში. მათ რიცხვში არის ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანი, რომელთაც უნარი აქვთ ანალიზის გაკეთების და ჩვენ შევეცდებით, რომ მოსახლეობას რაც შეიძლება მიუკერძოებელი ანალიზი და აქცენტები მივაწოდოთ – ის, რაც აკლია დღევანდელ მედია სივრცეს, ჩემი აზრით; ის, რომ დღეს ძალიან დომინირებს ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული მანქანა და ძალიან ბევრ სიცრუეს აწვდის მოსახლეობას, საზოგადოებას ძალიან უჭირს სწორად გაიგოს რა ხდება რეალობაში და სწორი ანალიზი მიიღონ“.

„მეც ძალიან ვიაქტიურებ, ყოველდღიურ რეჟიმში მივიღებ მონაწილეობას პროცესების გაანალიზებაში და სწორი აქცენტების ჩამოყალიბებაში. ის ჭარბი ნდობა, რაც მე მოსახლეობიდან მაქვს, კიდევ უფრო გაუიოლებს მათ, რომ სწორედ დაინახონ მოვლენები“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ვიმეორებ, „რუსთავი 2“, ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანა, საუბედუროდ, დღეს დომინირებს მედია სივრცეში. სხვა მედია საშუალებებიც მათ მხარს უბამენ და მოსახლეობას ძალიან უჭირს რეალობის გაგება. ჩემი აზრით, ამ პროექტს, „2030“–ის ყოველდღიურ გადაცემას, ექნება საშუალება იმისა, რომ მაქსიმალურად დაბალანსებული ინფორმაცია და სწორი აქცენტები მიაწოდოს მოსახლეობას, რაც ძალიან სჭირდება დღეს საზოგადოებას“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ გადაცემა არ იქნება მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების წინ წამოწევისკენ და დასძინა, რომ თოქშოუ და მოვლენების „ანალიზი“  მხოლოდ ქვეყნის ინტერესებთან იქნება თანხვედრაში. 

მან ასევე განაცხადა, რომ პროექტი „2030“  მედიას ძალიან ბევრი ახალგაზრდა ანალიტიკოსით „მოამარაგებს“.

‘საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოთხოვოს მთავრობას და რა დროს’

ივანიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს გადაჭარბებული მოლოდინები და დასძინა, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა მოსთხოვოს მთავრობას და როდის. მან განაცხადა, რომ ხალხმა კარგად უნდა იცოდეს რეალური სიტუაცია, რათა მთავრობას იმ არარეალური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოსთხოვონ, რომლებიც მოკლევადიან პერიოდში ვერ შესრულდება.

„თუ კარგად არ გავაცნობიერეთ, რა უნდა მოვთხოვოთ, რა დროს და რა დოზით,  შეიძლება ახალი უბედურება მივიღოთ“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს მოქმედი მთავრობა, რომლის გადადგომასაც ითხოვს,  უუნაროდ წარმოაჩინოს, „თუ ვერ გაიგებს მოსახლეობა და არ მოითხოვს იმას, რაც რეალურად შეუძლია დღევანდელ მთავრობას და თუ მოითხოვს იმას, რასაც სჭირდება 10 წელიწადი, რომ წელს გააკეთონ … ჩვენ შეიძლება ახალი ტიპის [ვითარება] მივიღოთ, რომ ხელისუფლება ეფექტურად ფუნქციონირებდეს, მთავრობა იყოს ეფექტური და მოსახლეობა იყოს უკმაყოფილო და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ შეცვალონ მთავრობა და შეიძლება არჩევნებსაც კი არ დაელოდონ“.

„არ უნდა გვქონდეს ცრუ მოლოდინი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა შეგვიძლია დღეს რეალურად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ხვალ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მედიის მიერ კარგად ინფორმირებულმა ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი და შემდეგ აკონტროლოს მის მიერ არჩეული ხელისუფლება.

„თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ის ირჩევს მთავრობას, ის ირჩევს ხელისუფლებას, რომელმაც მისი სურვილი და საკუთარი ნება უნდა გაითვალისწინოს და გააკეთოს ის, რაც მას სურს“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

ნაციონალური მოძრაობის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა: „ცხრა წლის განმავლობაში ისინი ოპოზიციაში იყვნენ საკუთარ ხალხთან და ცდილობდნენ ამავდროულად  ვირტუალური სამყარო დაეხატათ… ისინი არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ყველაფერი არის კარგად. ეხლა, როდესაც თვითონ ხელისუფლებაში არ არიან, ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ყველაფერი ინგრევა; ვერ მალავენ თავის სურვილს, რომ მათ ეს უნდათ სწორედ, რომ ეკონომიკა დაინგრეს, ქვეყანა დაინგრეს და აქვთ კიდევ განცდა, რომ ან თავი გადაირჩინონ, ან ხელისუფლებაში დაბრუნდნენ – მაგათი ხელისუფლებაში დაბრუნება აბსურდია… ყველაფერზე არიან წამსვლელები, მაგრამ საშუალება არ აქვთ და არც ექნებათ მომავალში; ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის და საზოგადოებაც, მე მგონი, არ არის ასეთი ბრიყვი, როგორც მათ ჰგონიათ; და ჩვენც ოდნავ მაინც დავეხმარებით ჩვენი პროექტით და გავუიოლებთ აქცენტების გაკეთებას მოსახლეობას“.

როდესაც მას მნიშვნელოვან პრობლემებზე ჰკითხეს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველო შეიძლება ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეედაროს, ქვეყანა 15–20–ჯერ ჩამორჩება მათ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

2012 წლის დეკემბერში, პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებიდან ერთ თვეში გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, როდესაც მან პირობა დადო, რომ 2016 წლის არჩევნებამდე ქართული ოცნების მმართველობის ყოველი მომდევნო წელი იქნებოდა უკეთესი ეკონომიკური თვალსაზრისით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეს პროგრესი უფრო მეტად მიღწეული იქნა დემოკრატიული განვითარების, ვიდრე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

„ის, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთო, სწრაფად გავაკეთეთ… ჩვენ საოცრად დიდი ნახტომი გავაკეთეთ დემოკრატიაში“, – განაცხადა მან, „ეკონომიკას ორ წელიწადში, ვერც ხუთ წელიწადში ევროპულს ვერ გახდი“.

მან განაცხადა, რომ ეკონომიკური სირთულეები, მათ შორის ლარის გაუფასურება, გარე ფაქტორებით იყო გამოწვეული.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში იქნება ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა… ვარწმუნებ მოსახლეობას, რომ განეწყოთ ოპტიმიზმით, ჩვენ გველოდება ძალიან დიდი ეკონომიკური ზრდა… განწირული ვართ იმისთვის, რომ წარმატებულ ქვეყანად დავრეგისტრირდეთ და დავბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ჩვენი სამიზნე გახლავთ, რომ 2030 წლისთვის ჩვენ ევროპის მსგავსი სახელმწიფო მივიღოთ… ის, რომ 2030 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა შეიძლება იყოს ესპანეთის და იტალიის ეკონომიკის დღევანდელი დონის, ეს უკვე ცუდი არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

თოქშოუს წამყვანმა, არჩილ გამზარდიამ გადაცემა, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ვფიქრობ, ის რეალური მონაცემები და ის ინფორმაცია, რაც დღეს ჩვენ განვიხილეთ, მეტი ოპტიმიზმის საშუალებას გვაძლევს და სწორედ ჩვენი პროექტი საზოგადოებას დაეხმარება იმაში, რომ მეტად ზუსტი ინფორმაცია გაიგოს, რათა კარგად მიხვდეს, რაც პროცესების მიმართ რა შეხედულებები უნდა ჰქონდეს“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button