ახალი ამბები

ლავროვი აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს რკინიგზის შესახებ

მოსკოვი მზად არის მოლაპარაკებებისთვის აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო ხაზის აღდგენის თაობაზე, მაგრამ პირველ რიგში, თბილისმა და სოხუმმა უნდა მოილაპარაკონ პირობებზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 11 მარტს.

სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან მოსკოვში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ სომხეთიც დაინტერესებულია ამ სარკინიგზო ხაზის აღდგენაში.

როდესაც ამ საკითხზე მისი პოზიციის შესახებ ჰკითხეს, ლავროვმა განაცხადა: „იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე რუსეთის რკინიგზა მონაწილეობს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის მუშაობაში, რუსული მხარე პრინციპში მზად არის ამგვარი კონსულტაციებისთვის, მაგრამ მთავარი გადაწყვეტილებები პროცესის უშუალო მონაწილეებმა უნდა მიიღონ – პირველ რიგში, საქართველომ და აფხაზეთმა“.

„სომხეთიც ძალიან დაინტერესებულია ამაში გასაგები მიზეზების გამო. ჩვენ მზად ვიქნებით მხარი დავუჭიროთ ამ მოძრაობის აღდგენას, მაგრამ პირველ რიგში სოხუმი და თბილისი უნდა შეთანხმდნენ პირობებზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რკინიგზის საკითხი პრაღაში 26 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრაზე იქნა წამოწეული. კარასინმა მაშინ განაცხადა, რომ დეტალურ განხილვას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც შეუძლებელი იქნება საკითხზე ზედმიწევნით მსჯელობა აფხაზური მხარის მონაწილეობის გარეშე.

აბაშიძემ განაცხადა, რომ „აფხაზეთის რკინიგზაზე ახალი არაფერი არ ყოფილა“ და მხარეებმა ამ საკითხზე  საკუთარი პოზიციები დაადასტურეს.

„ჩვენ ადრე გვსმენია მათი აზრი, რომ თუ საქართველოს მხარე დაინტერესებულია ამ რკინიგზის მონაკვეთის ამოქმედებით, ჩვენ უნდა მივმართოთ აფხაზებს და მათთან მოვილაპარაკოთ“, – განაცხადა აბაშიძემ 26 თებერვალს და დასძინა, რომ მსგავსი პოზიცია მათ ადრეც გამოუხატავთ და ქართული მხარის პასუხი ყოველთვის იყო, რომ ვინაიდან ეს რკინიგზა საქართველოს და რუსეთს აკავშირებს, ამაზე აფხაზებთან საუბარს საქართველოს მთავრობა არ აპირებს.

11 მარტს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ლავროვმა და ჩირიკბამ ხელი მოაწერეს „მემორანდუმს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის განხორციელების მექანიზმების შესახებ“, რომელსაც სოხუმსა და მოსკოვსვ შორის 2014 წლის ნოემბერში „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს.

ლავროვის თქმით, როგორც ამას ხელშეკრულება ითვალისწინებს, მოსკოვი დაეხმარება აფხაზეთს „მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერებაში“.

ჩირიკბამ განაცხადა, რომ მემორანდუმი ითვალისწინებს რუსეთის დახმარების „კონკრეტულ ნაბიჯებს“ აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად, რაც აქამდე რუსეთის გარდა მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ გააკეთეს.

ლავროვმა განაცხადა, რომ ასევე განიხილეს 17-18 მარტს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების 31-ე რაუნდის თემა. იგი მიესალმა ამ ფორმატს, როგორც „სასარგებლოს“ და გაიმეორა, რომ მოსკოვი, ისევე როგორც სოხუმი და ცხინვალი, კვლავაც დაჟინებით მოსთხოვენ საქართველოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „იურიდიულად სავალდებულო“ შეთანხმებების ხელმოწერას სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. საქართველო, რომელმაც ძალის არ გამოყენების პირობა 2010 წელს ცალმხრივად დადო, დაჟინებით სთხოვს რუსეთს იგივე ნაბიჯის გადადგმას. თუმცა რუსეთი ძალის არ გამოყენების ვალდებულების აღებაზე უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს.

მსგავსი/Related

Back to top button