ახალი ამბები

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტს დანიშნა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 13 მარტის 12 საათიდან დაინიშნა "ლარის კურსის სტაბილიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების" განსახილველად.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვის შედეგად პრეზიდენტმა ეს სამართლებრივი აქტი გამოსცა, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილთან 10 მარტს სხვა თემაზე დაგეგმილი შეხვედრა გადადო. 

„დღეს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციების ხელმძღვანელებს შორის დაგეგმილი შეხვედრა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით,  მხარეების ურთიერთშეთანხმებით გადაიდო“, – განაცხადა პარლამენტის პრესსამსახურმა მოკლე განცხადებაში.

პრეზიდენტის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის დავით საგანელიძის თხოვნის საფუძველზე გადაიდო.

ქართული ოცნების ზოგიერთმა დეპუტატმა მიანიშნა, ამ შეხვედრისგან თავის შეკავება განაპირობა იმან, რომ პრეზიდენტმა იმის მიუხედავად, რომ იცოდა უმრავლესობის პოზიცია, რომელიც წინააღმდეგია რიგგარეშე სხდომის მოწვევის და სანაცვლოდ, საკომიტეტო მოსმენის გამართვას სთავაზობს, ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო უმრავლესობასთან კომუნიკაციის გარეშე. 

იმის მიუხედავად დანიშნავდა თუ არა პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას, კანონმდებლობით, ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში, პარლამენტი მაინც უნდა შეიკრიბოს.

პირველ ჯერზე, როცა პრეზიდენტმა უარი უთხრა ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას ეკონომიკური სირთულეების განსახილველად რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე იმ მოტივით, რომ მთავრობას სულ ცოტა 5 მარტამდე უნდა მისცემოდა ვადა „სავალუტო კრიზისის“ დაძლევის კონკრეტული გეგმის წარსადგენად, პარლამენტი მაინც შეიკრიბა 28 თებერვალს ქუთაისში, თუმცა რიგგარეშე სხდომა ქართული ოცნების ბოიკოტით გამოწვეული კვორუმი უქონლობის გამო ვერ შედგა. ჩაშლილი სხდომის შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ 21 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია დააანონსა, რათა მთავრობის გადადგომა მოითხოვოს.

გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო დათქმული ვადისთვის, 5 მარტისთვის „სავალუტო სტაბილიზაციის გეგმა“ წარმოედგინა და მიანიშნა, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას დანიშნავდა, თუ მას ამ თხოვნით მიმართავდნენ, რაც გააკეთეს კიდეც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ნაციონალური მოძრაობისა და ირაკლი ალასანიას „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატებმა.

ქართული ოცნება, წინა შემთხვევის მსგავსად, ამჯერადაც აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობას რიგგარეშე სხდომა „შოუს“ მოსაწყობად სჭირდება და ეს ლარის კურთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ვერ დაეხმარება. სანაცვლოდ, უმრავლესობა კვირის ბოლოს დარგობრივი ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩატარებას სთავაზობს, სადაც ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები იქნებიან მიწვეულები.

„ოპოზიციის როლია, გასწიოს ოპონირება ამა თუ იმ საკითხში. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენი გადაწყვეტილებაა ვაკეთოთ საქმე და ამ საქმის თაობაზე უკეთ მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას. პარლამენტში ამ თემაზე მოსმენები შედგება, საკომიტეტო სხდომა ჩატარდება, რომელიც არის ღია, სადაც ყველას შეუძლია დასწრება და პოზიციების გამოთქმა“, – განუცხადა 9 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს.

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ „პოლიტიკურ შოუში“ მონაწილეობით „არც გაცვლითი კურსი დასტაბილურდება“ და არც „ეკონომიკაშიმოხდება უცბად ბუმი“.

„მე არ მითქვამს, რომ რიგგარეშე სხდომაზე არ მივალ. ჩვენ პარლამენტთან ურთიერთობის პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ პოლიტიკური თოქ-შოუში პარლამენტის წევრების და მინისტრების მონაწილეობა, ჩემი აზრით, არასწორია“, – განუცხადა მან 10 მარტს ჟურნალისტებს.

ჯერ-ჯერობით გაურკვეველი რჩება მიიღებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას თუ ის კვლავ კვორუმის უქონლობის გამო ჩაიშლება. 

დეპუტატმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ვიქტორ დოლიძემ ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომაზე მინისტრებისა და უმრავლესობის გამოუცხადებლობა „უპასუხისმგებლობა“ იქნება.

მსგავსი/Related

Back to top button