ახალი ამბები

სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს 13 თებერვლის ბრძანებით რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო  საბჭო შეიქმნა, რომლის  ხელმძღვანელად საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა.

რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო „საკონსულტაციო ორგანოა“, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენს „წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით უკრაინაში რეფორმების გატარების მიზნით,“ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. იქვე აღნიშნულია, რომ საბჭო მოიწვევს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც იმუშავებენ „უკრაინის კანონმდებლობის რეფორმირებისთვის და ასევე  უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის დონის ამაღლებისთვის“. 

„ჩვენ საკმაოდ დიდხანს ვფიქრობდით, თუ როგორ გამოგვეყენებინა ის ცოდნა, გამოცდილება და უნიკალური ნოუ–ჰაუ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გააჩნია“, – განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ, „საქართველოში მან შეძლო თითქმის ყველა სფეროს რეფორმირება“.

„დღემდე მიხეილი იყო უკრაინის რეფორმების საკითხებში შტატგარეშე კონსულტანტი. დღეს კი მან უკვე მიიღო ოფიციალური სტატუსი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე 13 თებერვალს, პრეზიდენტმა პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სააკაშვილი დანიშნა მის „მრჩევლად (შტატგარეშე თანამშრომელი).“

სააკაშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ იძებნება, რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი, რომელსაც ის უარყოფს, როგორს პოლიტიკურად მოტივირებულს. ოფიციალურმა პირებმა თბილისში ადრე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოში ძებნილი პირის უკრაინაში ოფიციალურ თანამდებობაზე დანიშვნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე ცუდ გავლენას იქონიებს.

საქართველოს რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა უკვე დაიკავა უკრაინის მთავრობაში პოსტები. საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი  ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ იგივე თანამდებობა დაიკავა უკრაინაში. გია გეწაძე, რომელსაც 2005 წლის შუამდე სხვადასხვა მაღალი თანამდებობები ეკავა სააკაშვილის მთავრობაში, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით საყვარელიძემ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად განაცხადი შეიტანა. ის იმ 161 კანდიდატს შორის არის, რომლებსაც ამ პოსტის დაკავება სურთ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ახლად დაარსებული რეფორმების მრჩეველთა საერთაშორისო  საბჭო, რომელსაც სააკაშვილი უხელმძღვანელებს, მჭიდროდ ითანამშრომლებს რეფორმების ეროვნულ საბჭოსთან, რომელიც გასულ წელს ჩამოყალიბდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button