ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსმა ‘სამართლიანობის აღდგენის’ მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა

რამდენიმე ათასი მომიტინგე შეიკრიბა 31 იანვარს თბილისის ცენტრში საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებულ აქციაზე და ხელისუფლებისგან ნაციონალური მოძრაობის „დასჯა“ მოითხოვა.

მომიტინგეები ხელისუფლებას „სამართლიანობის აღდგენისა“ და წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ და იმავდროულად აკრიტიკებდნენ მას სისუსტის და „სამართლიანობის აღდგების“ თაობაზე გაცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო. აქციაზე ხშირად ახსენებდნენ ვაზაგაშვილის საქმესაც და ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ვერ გამოიძია 2006 წელს სპეცოპერაციის დროს ორი ახალგაზრდას მკვლელობის საქმე. ერთ–ერთი მოკლულის მამა, იური ვაზაგაშვილი, რომელიც იმ ოპერაციაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვდა, 20 იანვარს თავისი შვილის საფლავზე ააფეთქეს.

პატრიოტთა ალიანსმა, რომელიც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის გადადების მომხრე იყო და საქართველოს ნატოში მისწრაფებას უშედეგო მცდელობას უწოდებს, შარშანდელ ადგილობრივ არჩევნებზე მეოთხე შედეგი აჩვენა და ხმების 5%–მდე მიიღო.

„ამ აქციის უმთავრესი მოთხოვნაა სამართლიანობის აღდგენა; ნულოვანი ტოლერანტობა ნაციონალური მოძრაობის ზონდერებს და ჯალათებს“, – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთმა ლიდერმა ირმა ინაშვილმა, რომელიც შარშან მერად იყრიდა კენჭს და ხმების 5%–ზე მეტი დააგროვა, „ჩვენ ვეუბნებით არა მარტო საქართველოს ხელისუფლებას, არამედ დასავლეთს, იქნება ეს ევროპა, თუ შეერთებული შტატები, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა და არა კოჰაბიტაცია [ნაციონალურ მოძრაობასთან]“.       

„ჩვენი მოთხოვნაა, რა თქმა უნდა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარემ დავით თარხან–მოურავმა.

უზარმაზარი ბანერით ხელში წარწერით „დაისაჯონ დამნაშავეები“, მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს და შემდეგ მშვიდობიანად დაიშალნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button